ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ყველაზე პოპულარული გასართობი ადგილები მე-19 საუკუნის თბილისში
29 აგვისტო, 2017

მე-19 საუკუნის თბილისის ბოჰემურ ცხოვრებაზე ბევრი თქმულა და დაწერილა, ამიტომ თავს აღარ შევაწყენთ ჩვენს მკითხველს, მაგრამ დღევანდელ სტატიაში გვინდა გავიხსნოთ რამდენიმე საინტერესო ადგილი, სადაც ატარებდნენ დროს თბილისელები და ქალაქში დროებით ჩამოსული სტუმრები.

როგორც იოსებ გრიშაშვილი წერდა, ძველად ქალაქგარეთ მხოლოდ ორი დროის გსატარებელი ადგილი არსებობდა - დარდიმანდებისთვის ორთაჭალის ბაღები და ეროპულად გაზრდილთათვის მუშტაიდი.

ზაფხულის ცხელ დღეებში, როცა ქალაქის ქუჩებში თაკარა სიცხე ჩამოწვებოდა, თბილისელები მეგობრებთან ერთად, ვინ ეტლით, ვინ კიდევ ფეხით მიაშურებდა ამ ბაღებისაკენ. ორთაჭალის ბაღებს ხშირად სტუმრობდნენ როგორც ქართველები, ისე უცხოელები, რომლებიც მოხიბლულნი იყვნენ ქალაქური პურმარილით, სადღეგრძელოებით, სადაც უკარავდა არღანი, ზურნა-დუდუკი, იყო ლექსის თქმა და ბაიათი.

ორთაჭალის ბაღის ტურფები და არღნის ჩიტები ხშირად გამხდარან არაერთი სახალხო მთქმელისა და მუსიკოსის შთაგონების წყარო. აქ გულდამწვარი ყარაჩოხელები ცეცხლანთებული თასებით ლამაზმანებს მუხამბაზებს უმღეროდნენ.

ორთაჭალა თბილისი ერთ-ერთი კოლორიტული უბანი იყო თავის დუქნებით. აქედან მარაგდებოდა თბილისის ბაზრები ბაღჩეულ-ბოსტნეულით, ყოველ სისხამ დილით გოდორაკიდებული ვირებით რომ მოჰქონდათ. დუქნებსა და დახლებზე იყიდებოდა ორთაჭალაში დაჭერილი და ორთაჭალურად მოხარშული თევზეული.

თბილისის დუქნებში შედიოდნენ ყველა ფენის ადამიანები, ხელადით ღვინოს მოითხოვდნენ, დასხდებოდნენ და შეექცეოდნენ ძველ ტრადიციულ კერძებს - მწვადს, ჩაქაფულს, ბოზბაშს, დაჩურჩულ ლობიოს, ნარშარაბით და კვაწარახით ჩაშუშულ ხოხობს, მწვანეულობას. სუფრის კოლორიტს კი წარმოადგენდა აღმოსავლური ფლავი. იაღლო ერბო წასმული, შამფურზე შემწვარი ხბოს ბარკალი და მდინარის კალმახი.

მოქეიფეები დუქნებში ღვინით იშუშებდნენ წუთისოფლით მიყენებულ ტკივილებს. იხსენებდნენ სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს და თან გულზე მჯიღს იცემდნენ -ჰაი დედასა, როცა ერეკლე აღა-მაჰმად ხანს ერკინებოდა, რა იქნებოდა იმ დროს გვეცხოვრა, რომ მტრისთვის თავი შეგვეკლაო.

თამადა მედუქნეს გასძახებდა - ყანწი. მედუქნეც მიართმევდა სასმისს და თამადა ადღეგრძელებდა ერეკლეს ხმალს.

ბოლოს მედუდუკეთა დასტა ჯადოსნურ ჰანგებს ააკვნესებდა, რომელიც მოქეიფეებს ბულბულის კვნესას აგონებდა.

მე-19 საუკუნის ბოლსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში თბილისური დუქნები და ოთაჭალის რომანტიზმი შეცვალა ტრაქტირებმა, რომელიც ძირითადად გახსნილი იყო სასტუმროებში. აქ ევროპულად გაზრდილი თბილისელები და უცხოელი სტუმრები ევროპულ კერძებს აგემოვნებდნენ: ბივშტექსი, ჟარკოვი, შარლოტა, ბლომანჟე, პეროგი, პეროჟნი და სხვა. უსმედნენ ევროპულ მუსიკას, ცეკვადნენ პოლკა-მაზურკას.

პირველი სასტუმრო თბილისში ფრანგს, ნაპოლეონის არმიის ყოფილ ჯარისკაცს ვინმე ჟან პოლოს გაუხსნია 1818 წელს ზემო კალაში ტალახიან ქუჩაზე. ამ სასტუმროში ჩერდებოდა თბილისის ყველა სტუმარი. აქ უცხოვრია ალექსანდრე გრიბოედოვს და ფრანგ ნატურალისტს შარლ ბელანჟეს. თბილისში ჩამოსულ საფრანგეთის კონსულს ფრანსუა გამბას აქ თავისუფალი ოთახი ვერ უპოვია.

ანტუან მატასის ტრაქტირი კი ერევანსკის მოედანზე მდებარეობდა, პატარა სახლში, რომლის უკან სოლოლაკის ბაღები იწყებოდა. აქ 1829 წელს ალექსანდრე პუშკინი გაჩერებულა.

მტკვრის გაღმა იდგა გერმანული სასტუმრო, რომელიც თეოდორ ზალცმანის საკუთრება იყო. იგი სტუმრებს საკუთარი ლუდით უმასპინძლდებოდა. ზალცმანმა ეს სასტუმრო დახურა, თუმცა მალევე ახალი გახსნა, რომელიც თბილისელებისთვის და თბილისის სტუმრებისათვის სანატრელი ევროპული კუთხე იყო.

კავკასიის კალენდრის მიხედვით, 1840-იან წლებში თბილისში სულ რამდენიმე სასტუმრო ყოფილა - ზალცმანის სასტუმრო მოსკოვი ერივანსკის მოედანზე, სუმბათაშვილის სახლში; ვარშავა გოლოვინის პროსპექტზე ჭავჭავაძის სახლში; სასტუმრო ოდესა ალექსანდრეს მოედანზე.

ზუბალაშვილების სახლში სასტუმრო გახსნილი ჰქონდა ასევე იტალიელ კარლო მოროჯის, ორ-სამ ოთახიანი ნომრებით. სასტუმროს სავიზიტო ბარათი იყო ვერცხლის ჭურჭლით გაწყობილი სუფრა.

1850-იანი წლებიდან თბილისში სასტუმროების ბუმი იწყება. ამჯერად სასტუმროებს უკვე შეძლებული ქართველები ხსნიან - ქართველიშვილების სახლში ოტელ დე პრენსი, იტალია ზუბალაშვილების სახლში, სასტუმრო ლონდონი, რომელიც ასევე ზუბალაშვილებს ეკუთვნოდათ, სასტუმრო ამერიკა მამუკა ორბელიანის სახლში, რომელსაც შემდეგ სახელი შეეცვალა და პალას ოტელი ეწოდა.

გოლოვინის პროსპექტზე #9-ში გაიხსნა იმ დროისათვის ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმრო ორიენტი, რომელიც თბილისური ბოჰემის საყვარელი ადგილი იყო, ასევე სასტუმრო მაჟესტიკი.

პირველი დიდი შენობა, რომელიც საგანგებოდ სასტუმროსათვის აშენდა, ეს იყო მიხაილის პროსპექტზე სასტუმრო ვეტცელი, რომელსაც ჰქონდა ორი რესტორანი და ლიფტი, მარცხენა ფლიგელში კი განთავსებული იყო თეატრი.

თბილისელი არქიტექტორის ქრისტეფორე ტერ-სარქისოვის პროექტით აშენებული სათავადაზნაურო თეატრში, რომელიც 1905 წელს აშენდა, გახსნილი იყო კაფე პარიზი, რესტორანი საბანკო გენეს საათების მაღაზია, კუკუჯანოვის გალანტერეია.

სასტუმრო სევერნი ნომერი სასახლის მოედნის კუთხეში მდებარეობდა. 1900 წელს ამ სასტუმროში უცხოვრიათ რუს მწერლებს მაქსიმ გორკის, ანტონ ჩეხოვს და მხატვარ ვიქტორ ვასნეცოვს.

ზელცმანის პროექტით აშენებულ ზუბალაშვილების სახლის მეორე-მესამე სარულზე გახსნილი იყო სასტუმრო ევროპეისკიე ნომერა. მას 1910 წელს სახელი შეეცვალა და ერმიტაჟი ეწოდა.

გვერდით სახლი ეკუთვნოდა დავით სარაჯიშვილს, სადაც გახსნილი იყო სასტუმრო ევროპა და პალე როიალი. აქვე იყო კაროლინა ლოტის საკონდიტრო, შლიაპების მაღაზია, გამომცემლობა ხათაბალა და სახალხო გაზეთი.

1921 წელს სასტუმრო პალე როიალის სტუმარი იყო მიხეილ ბულგაკოვი. სასტუმრო ვიქტორიაში კი, რომელიც ციციშვილებს ეკუთვნოდა, გახსნილი იყო რესტორანი, ცატუროვის შპალერის მაღაზია, დონარ და ლეიტცის მანუფაქტურა.

“რეზონანსი“


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.