ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ხულოში ნაეკლესიარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
01 აგვისტო, 2018

ხულოს მინიციპალიტეტის, სოფელ ქვედა თხინვალაში მდებარე ნაეკლესიარს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

თხილვანის ეკლესია სამგუმბათიანი ბაზილიკაა. ნანგრევები მოქცეულია ქვა-ღორღის უზარმაზარი ხელოვნური ბორცვის ქვეშ და მხოლოდ გეგმის დონეზე იკითხება. ეკლესია გეგმაში სწორკუთხაა და დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდათი. შესასვლელი იკითხება სამხრეთ და დასავლეთ მხრიდან.

ეკლესიის ცენტრალური ნაწილი გადახურული უნდა ყოფილიყო ორფერდა, ხოლო გვერდითი ნაწილები ცალქანობიანი საბურავით.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ცნობით, განათხარი მასალით ჩანს, რომ საბურველი გადახურული იყო ლორფინით.

ეკლესიის ხუროთმოძღვრული გადაწყვეტა, სამშენებლო ტაქნიკა, არქიტექტურული დეტალები მიუთითებს, რომ იგი X-XI საუკუნეების მიჯნაზე უნდა იყოს აგებული.

ტბელ აბუსერისძის ნაშრომის მიხედვით ირკვევა, რომ თხილვანის იოანე მახარობლის ეკლესია ტბელის დას – დედოფალთ-დედოფალს ვანენს აღუდგენია.

არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა 1978-1979 წლებში. აღსანიშნავია არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ტიმპანის ქვა, რომელიც დაცულია აჭარის სახელმწიფო მუზეუმში. ქვაზე ამოტვიფრულია შვიდსტრიქონიანი წარწერა: “ქრისტე წმინდაო იოვანე მახარობელო, დაიცავენ სულითა და ხორცითა ერისთავთ-ერისთავი აბუსერი და დედოფალი ვანენი და ძე მათი ზაქარია და შვილნი მათნი და ყოველი ერი მათი და მოხაიშნე ექმენ დღეს ამისა სასჯელისა, ნუ დასჯი.”

ეკლესია დანგრეულია თითქმის საძირკველის დონემდე, საარქივო მასალით ირკვევა, რომ შემორჩენილი იყო მხოლოდ აფსიდის მხარეს პერანგშემოცლილი ცოკოლი და კედლის წყობის ნაშთები რაც დღეს აღარ იკითხება. ეკლესიის ცოკოლი ორსაფეხურიანია რომელიც ნაგბია ადგილობრიბი ქვისგან. აფსიდის კედლები კი ამოყვანილია გათლილი კვადრებით. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.