წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება
2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს დაზიანებული წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სტრატეგიული მნიშვნელობის გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება.
„ეს გზა სრულად აღდგება და ყველაფერი თანამედროვედ მოეწყობა. სარეაბილიტაციო სამუშაოები გაზაფხულზე დასრულდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, წყნეთი-ბეთანიის გზაზე აქტიური მშენებლობა მიმდინარეობს, რომლის დროსაც საინჟინრო კუთხით, უნიკალური გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.
„პროცესში მიუნხენის გეოლოგიის ინსტიტუტი და შესაბამისი სპეციალისტები იყვნენ ჩართული. ისეთი საინჟინრო გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რომელიც აქამდე საქართველოში არ განხორციელებულა“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამბობენ, წყნეთი-სამადლოსა და წყნეთი-ახალდაბის გზა ურთულესი მონაკვეთია და წალკის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს უკავშირდება. გზის სიგრძე დაახლოებით, ერთი კილომეტრია და მისი პროექტირება-რეაბილიტაცია 25 მლნ ლარი ჯდება.
რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს.
ავტორი: მაია დემეტრაშვილი
www.travelingeorgia.ge