წინანდალში “რედისონის” სასტუმროს მშენებლობისთვის უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია (OPIC) $10 მლნ გამოყოფს.
დაფინანსების საკითხი „საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელობამ აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტის მმართველ დირექტორთან მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსურ დარგში ქენეთ ენჯელთან განიხილა. შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.
„რედისონი” კახეთში საერთაშორისო სტანდარტების, 5 ვარსკვლავიანი პირველი ბრენდირებული სასტუმრო იქნება. სასტუმრო ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის და ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება.
პროექტის საინვესტიციო მოცულობა 30 მლნ-ია. სასტუმრო 120-ნომრიანი იქნება და მასში შედის საკონფერენციო დარბაზები, შეხვედრების ოთახები, ღონისძიებათა დარბაზები, ღია და დახურული კაფე/რესტორნები, სპა, აუზი და ფიტნეს კლუბი განთავსდება.
ფონდში გამართულ შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს „საპარტნიორო ფონდის“ ინვესტიცია ამერიკულ საინვესტიციო ფონდ Gazelle Finance-ში, რომელიც „საპარტნიორო ფონდისა“ და ამერიკული მხარის ინვესტიციებით შეიქმნა.
„საპარტნიორო ფონდსა“ და აშშ-ის მთავრობის განვითარების ბანკს შორის გაფორმებულია ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც საქართველოში ამერიკული კაპიტალის მონაწილეობით, OPIC-ისა და „საპარტნიორო ფონდის“ მიერ პროექტების დაფინანსებას გულისხმობს.
OPIC-ი აშშ–ის მთავრობის ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც საერთაშორისო განვითარებაზე მუშაობს. კორპორაცია კერძო კაპიტალს უყრის თავს და მას მსოფლიოს განვითარებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი გამოწვევებისკენ მიმართავს. ვინაიდან, OPIC–ი აშშ-ის კერძო სექტორთან მუშაობს, იგი ეხმარება ამერიკულ ბიზნესს, გაფართოვდეს განვითარებად ბაზრებზე და ამ გზით, ხელს უწყობს შემოსავლებისზრდას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ აღმავლობას, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, აგრეთვე -საზღვარგარეთ.
OPIC–ი, როგორც აშშ–ის მთავრობის სააგენტო, 1971 წელს დაარსდა და მთლიანად თვითდაფინანსებაზე მუშაობს.
OPIC–ის ყველა პროექტი გარემოსა და სოციალური დაცვის მაღალი სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება. OPIC-ის სერვისებით სარგებლობა 160-ზე მეტ ქვეყანაშია შესაძლებელი. 1971 წლიდან დღემდე OPIC-მა 200 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა.
OPIC–ი წარმოადგენს ერთერთ პირველ განვითარების ინსტიტუტს, რომელმაც ინვესტირება განახორციელა საქართველოში მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1991 წელს. OPIC-მა საქართველოში დღემდე განახორციელა 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია 50-ზე მეტ პროექტში, მათ შორის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და „ფრენჩაიზის” ქსელების მიმართულებით. დღევანდელი მონაცემებით, „უცხოეთის კერძო საინვესტიციო კორპორაცია” საქართველოში ეკონომიკური სტაბილურობის მხარდასაჭერად, 20-ზე მეტ მიმდინარე პროექტს აფინანსებს.
www.bpi.ge