შენობების დისტანციური მართვის და მონიტორინგის სერვისს კომპანია Wely, რამდენიმე თვეა რაც ბაზარზე ოპერირებს. ამჟამად სტარტაპი უკვე 3 პროექტს ახორციელებს და დიდი გეგმები აქვს.
მისმა დამფუძნებელმა შოთა კვარაცხელიამ “საქმიანი დილის“ ეთერში აპლიკაციის წარმატების ფაქტორებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი უპირატესობა ღრუბლოვანი სისტემაა.„შენობის მართვის სისტემების იმპლემენტაცია არის კომპლექსური, ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცესი. კომპანიები, რომლებიც ჩვენგან განსხვავებით არაა მიბმული ღრუბლოვან სისტემაზე, მოითხოვს ინტეგრატორი კომპანიის ჩართვას, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება. ბაზარი როდესაც გამოვიკვლიეთ, აღმოვაჩინეთ, რომ ქართულ კომპანიებს უცხოურებმა უარი მცირე მასშტაბების გამო უთხრეს. Wely-ში გადაწყვეტილების მიღება 1000-2000 ლარიდან შეიძლება იწყებოდეს, ასეთი ფასის საშუალებას Cloud სისტემის გამოყენება იძლევა”, – აცხადებს კვარაცხელია.
მისივე თქმით, ბაზარზე მოთხოვნა მოსალოდნელზე მაღალი აღმოჩნდა და სავაჭრო თუ სასტუმრო შენობების გარდა სისტემის დაყენების სურვილი სათბურებმაც გამოთქვეს.
„არ მოველოდით, რომ აგროსექტორიდან იქნებოდა დაინტერესება. აღმოჩნდა, რომ ტექნოლოგიები ამ მიმართულებით საკმაოდ სწრაფად ვითარდება. უკვე 2 სათბურთან ვთანამშრომლობთ და დისტანციურად ვაწვდით ისეთ პარამეტრებს, როგორიცაა PH-ის დონე, სუბტრაქტის ტენიანობა, ელექტრომაგნიტური გამტარობა, ეს ყველაფერი აგრონომისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტებია“, – განმარტავს ის.
კვარაცხელია ამბობს, რომ Wely-ს მუშაობის პრინციპი უნიკალურია და საერთაშორისო ბაზარზე დიდი პოტენციალი აქვს.
შოთა კვარაცხელიასთან სრული ინტერვიუს სანახავად ისარგებლეთ ბმულით.