ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ვინ ფლობს და რა ღირს ლაღიძის წყლების ყოფილი კაფის ტერიტორია?
04 დეკემბერი, 2017
საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოვიდა წინადადებით, "ლაღიძის წყლების" ყოფილი შენობის გამოსყიდვა მოხდეს და ადგილზე კვლავ ისტორიული კაფე განთავსდეს. 

საქმის კურსი დაინტერესდა, ვის საკუთრებაშია ამჟამად ფართი. 

რუსთაველის 24-ში არსებული ფართი, რომელშიც წლების განმავლობაში ლაღიძის წყლების დაგემოვნება იყო შესაძლებელი, შპს "ლინკოლნ მენეჯმენტი ჯორჯიას" საკუთრებაა. 

საჯარო რეესტრის მიხედვით, კომპანია 2007 წელს არის რეგისტრირებული და მისი მესაკუთრეები არიან: შპს ვი-ტი კომპანი - 25%; ლინკოლნ მენეჯმენტ კორპ. - 75%. კომპანიის დირექტორი უკრაინის მოქალაქე ევგენ უსტინოვია. 

კომპანიას ყოფილი კაფის ორივე სართული (პირველი სართული და სარდაფი) გაქირავებული აქვს. ზედა სართულზე 130 კვ.მ.-ზე ამჟამად ტანსაცმლის მაღაზია Next-ია განთავსებული. 

ქვედა სართულზე კი კაფე "აჭარულები ლაღიძეზე" მდებარეობს, თუმცა, მას კავშირი მიტროფანე ლაღიძის ოჯახთან არ აქვს. ადგილზე კაფე 2014 წელს ვახტანგ ათაბეგაშვილმა გახსნა. მას ტერიტორია იჯარით 2019 წლამდე აქვს აღებული. 

კაფის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თავის დროზე მისი იდეა სწორედ ლაღიძის წყლების აღდგენა იყო და მას ამასთან დაკავშირებით კავშირი მიტროფანე ლაღიძის ოჯახთანაც ჰქონდა. თუმცა, მისი თქმით, ამ ფაქტს თავად ლაღიძის ოჯახი უარყოფს. 

„სანამ იჯარით ავიღებდით ამ ფართს, ლაღიძეებთან მივედით და დავიწყეთ მოლაპარაკება, რომ ერთად გაგვეხსნა აქ ფართი. დანგრეული და განადგურებული იყო აქაურობა. არავინ ხელს არ კიდებდა. ლაღიძეებთან მოვილაპარაკეთ და რომ გავარემონტეთ ლაღიძეებმა გვითხრეს უარი. ჩვენ მაინც გავხსენით და სხვა კომპანიიდან შემოვიტანეთ წყალი“,- აცხადებს ვახტანგ ათაბეგაშვილი. 

მისივე თქმით, მიუხედავად კაფის ისტორიული დატვირთვისა, ობიექტი კომერციულად მომგებიანი არ არის და ამ დრომდე დამფუძნებლებმა თანხა ვერ ამოიღეს. 
ამ ტერიტორიაზე კაფის გახსნას თავის დროზე თავად ლაღიძის ოჯახი აპროტესტებდა. 

რაც შეეხება "ლაღიძის წყლების" შენობის გამოსყიდვას, როგორც ბროკერები საქმის კურსთან აცხადებენ, რუსთაველის გამზირზე, მაგალითად მაღაზია Next-ის ადგილზე 1 კვ.მ.-ის ღირებულება 5 000-დან 7 000-დოლარამდეა. ფართი 130 კვ.მ.-ია და შესაბამისად, მხოლოდ ამ ნაწილის გამოსყიდვა 650 ათასიდან 910 ათას დოლარამდე დაჯდება.
 
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.