ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ვეგეტარიანული კაფეები – ბიზნესი, რომელიც ტურისტების შემდეგ ქართველებშიც პოპულარული ხდება
13 ნოემბერი, 2017

საქართველოში ვეგეტარიანული და ვეგანური საკვები თანდათან პოპულარული ხდება. როგორც „კომერსანტს“ ვეგეტარიანული კაფეების წარმომადგენლებმა განუცხადეს, თუ რამდენიმე წლის წინ ქართველ მომხმარებელში ძირითადად ხორცისგან დამზადებულ საკვებზე იყო მოთხოვნა, ხოლო ბოსტნეულს უპირატესობას ტურისტები ანიჭებდნენ, ახლა ვითარება შეიცვალა და ქართველების მხრიდან  პროდუქციაზე მოთხოვნა გაჩნდა.

ასევე, კომპანიების წარმომადგენლების თქმით, მსგავსი სახის პროდუქცია ჩვენ ქვეყანაში ქალბატონებში უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე მამაკაცებში.

ვეგეტარიანული კაფე Leila-ს მენეჯერი ქეთი სხირტლაძე „კომერსანტთან“ საუბრისასაცხადებს, რომ მათი მომხმარებლები როგორც ქართველები, ისე უცხოელი ტურისტები არიან. მისი თქმით, კაფე საქართველოს მოქალაქეებში, განსაკუთრებით მამაკაცებში, პოპულარობით არ სარგებლობს. სხირტლაძის განცხადებით, ვეგეტარიანული საკვებით ძირითადად ქალბატონები იკვებებიან.

„თავდაპირველად ვეგეტარიანულ საკვებზე მოთხოვნა ნაკლებად იყო, თუმცა შემდგომ წლებში არსებული სურათი შეიცვალა. ჯანსაღი ცხოვრების წესს ყურადღება ექცევა და ამან გამოიწვია სწორედ ის, რომ მსგავსი სახის პროდუქციაზე მოთხოვნა გაჩნდა. ჩვენთან ვეგეტარიანული საკვებით ძირითადად ქალბატონები იკვებებიან და მომხმარებლების რაოდენობაც მზარდია“, - განმარტა ქეთი სხირტლაძემ.

საქართველოში პირველი უმი, ვეგანური კონცეფციის მქონე სამზარეულოს „ნამუს“  ხელმძღვანელი ანა ტიკარაძე განმარტავს, რომ მათი საკვების მომხმარებლები არიან როგორც ქართველები, ასევე უცხოელები. „ნამუს“ შემთხევაშიც ვეგანური საკვები ქალბატონებში მეტად მოთხოვნადია და ბოლო პერიოდში მასზე მოთხოვნამ იმატა.

როგორც ტიკარაძე აცხადებს, ზოგადად, ვეგეტარიანული კვება ძვირია და მისი ფასები ტრადიციული ქართული რესტორნების ფასებისგან განსხვავდება.

„ბოლო პერიოდში მსგავსი საკვების მიმართ ცნობადობა მეტად გაზრდილია. ჩვენ უფრო მეტ პროდუქციას ვამზადებთ, ვიდრე ეს წარსულში იყო. ბაზარზე ვეგანურ საკვებზე მოთხოვნამ იმატა. მოთხოვნაა როგორც უცხოელებში, ასევე ქართველებში. ვეგანური საკვები ქალბატონებშიც მეტად მოთხოვნადია. ერთი წლის განმავლობაში ჩვენზე მოთხოვნამ 50%-ით მოიმატა.

იმისათვის, რომ ეს კულტურა ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად დაინერგოს, ცნობადობა უნდა გაიზარდოს. კერძოდ იმაზე, რომ ცხოველური საკვები ისეთი სასარგებლო არაა, როგორც გვგონია“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

როგორც Kiwi Vegan Café 5-ში აცხადებენ, მათთან ბოლო წლებში ქართველი მომხმარებლების რაოდენობამ 60-70%-ით მოიმატა.

„ბოლო წლების განმავლობაში ვეგანურ საკვებზე მოთხოვნა გაორმაგებულია. პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით, ჩვენთან უცხოელების რაოდენობა იგივეა, ხოლო ქართველების რაოდენობამ 60-70%-ით მოიმატა.

ზოგადად ქართველებზე მეტი უცხოელები არიან, თუმცა ქართველი ვეგანების რაოდენობაც ყოველწლიურად მზარდია. ეს სწორი ინფორმაციის მიწოდებითაა გამოწვეული“, — აცხადებენ Kiwi Vegan Café 5-ში.

ავტორი:ლიკა გურაბანიძე

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.