ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ვცდილობთ, რომ ბაკურიანში პროექტების განხორციელება სწრაფ ტემპში მოხდეს“ - ადგილობრივი ხელისუფლება კურორტის განვითარებაზე
13 დეკემბერი, 2017

„ბაკურიანი განახლებულ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა“ - ასე უპასუხა ბორჯომის მერის წარმომადგენელმა ბაკურიანის ადმინისტრაციულ ერთეულში გოჩა გობრონიძემ  „კომერსანტთან“ კერძო სექტორს.

„კომერსანტი“ ბაკურიანში მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე და პრობლემებზე უკვე წერდა. სასტუმროების წარმომადგენლები ჩვენთან საუბრისას აცხადებდნენ, რომ დღემდე კურორტზე წყლის პრობლემა მოგვარებული არ არის, არ არის გასართობი ცენტრები და სრულად აღჭურვილი სამედიცინო დახმარების პუნქტი. კერძო სექტორის პოზიციას არ იზიარებენ ადგილობრივ ხელისუფლებაში, როგორც  გოჩა გობრონიძე აცხადებს, კურორტზე ბევრი რამ გაკეთდა და პრობლემები ფაქტობრივად, აღარ არის.

„სულ 14 ქუჩის რეაბილიტაცია მოხდა და მათგან ოთხი ტროტუარებით მოეწყო. სამომავლოდ კიდევ 10 ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება, რომლის სამუშაოები გაზაფხულისთვის დაიწყება. ასევე ველობილიკის კეთილმოწყობის სამუშაოები ჩატარდა. აშენდა ახალი სკვერი და მოეწყო ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია. ამ ყელაფერმა ზაფხულში დისკომფორტი გამოიწვია, თუმცა ამან შედეგი გამოიღო.

ბაკურიანში გარეგანათებები გაკეთდა, ხოლო ამჟამად ორი პატარა ჩიხი დაგვრჩა, რომელზე სამუშაოებიც გაზაფხულზე გაგრძელდება. ჩვენ ვცდილობთ, რომ აღნიშნული პროექტების განხორციელება სწრაფ ტემპებში მოხდეს. ბაკურიანს აღარ აქვს წყლის, ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემები“, - განაცხადა გოჩა გობრონიძემ.

მაღალმთიან რეგიონში მუდმივ პრობლემად რჩება სამედიცინო დახმარების პუნქტები. სერიოზული დაზიანების შემთხვევაში პაციენტისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ადგილზე ვერ ხდება და ის ბორჯომში გადაჰყავთ. სწორედ ამ თემაზე კომენტირებისას გობრონიძე აცხადებს, რომ „სეზონზე ორ რეანომობილს თავისი პერსონალით ვიმატებთ. ბრიგადები ბაკურიანში იცხოვრებენ და მოსახლეობას მოემსახურებიან. ასევე, არსებობს მონახაზი, რომლის მიხედვითაც გაზაფხულზე თანამედროვე ამბუალტორიის მშენებლობა უნდა დაიწყოს. ამბულატორია თანამედორვე ტექნიკით იქნება აღჭურვილი და შესაბამისი პერსონალი ეყოლება“, - აღნიშნა ბორჯომის მერის წარმომადგენელმა ბაკურიანში.

კითხვაზე როდის იქნება ბაკურიანი საერთაშორისო დონის კურორტი? გოჩა გობრონიძე გვპასუხობს, რომ „თუ რაიმეს კეთება არ დაიწყე, ის სულ გაფუჭებული იქნება. 30 წელი ბაკურიანში ქვა-ქვაზე არ დადებულა. ბოლო სამი წლის განმავლობაში კურორტის აღორძინება დაიწყო“, - განაცხადა გობრონიძემ.  

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.