ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების დინამიკა
26 თებერვალი, 2018

Booking.com-ზე საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა კატეგორიის 10 000-ზე მეტი განთავსების საშუალებაა დარეგისტრირებული. საკონსულტაციო კომპანია PMCG-ის კვლევის მიხედვით, სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის იანვარში 2017 წლის დეკემბრის თვესთან შედარებით 6.4%-ით შემცირდა.

PMCG-ი ფასების მკვეთრ შემცირებას თბილისის სასტუმროებში უკავშირებს იანვარში საერთაშორისო ვიზიტორების შემცირებულ ნაკადებს დეკემბერთან შედარებით. კვლევაში აღნიშნულია, რომ სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასები, დეკემბრის ფასებთან შედარებით, ყველაზე მეტად თითქმის 10%-ით შემცირდა თბილისში.

2018 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 3 ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 124 ლარი შეადგინა. ამ ტიპის სასტუმროებში ყველაზე მაღალი დღიური განაკვეთი, 2017 წლის დეკემბრის მსგავსად, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებშია, საშუალოზე შესაბამისად 53% და 33%-ით მაღალი. მაჩვენებლებს უმეტესწილად განაპირობებს ბაკურიანის და გუდაურის სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების მაღალი ფასები. ასევე, საშუალოზე მაღალი ფასი ფიქსირდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.

4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა იანვარში 223 ლარი შეადგინა. საშუალოდ ყველაზე ძვირი 4-ვარსკვლავიანი სასტუმროები მცხეთა-მთიანეთის რეგიონშია (315 ლარი).

5 ვარსკვლავიანი სასტუმროები თბილისის გარდა სამ რეგიონში ფუნქციონირებს (აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი). 5 ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო დღიურმა განაკვეთმა 2018 წლის იანვარში 373 ლარი შეადგინა. დეკემბრის მსგავსად, იანვარში ამ ტიპის სასტუმროების ფასებში თბილისსა და რეგიონებს შორის დიდი სხვაობა დაფიქსირდა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2 ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 649 ლარი შეადგინა, კახეთში - 297 ლარი, აჭარაში - 216 ლარი, სამცხე-ჯავახეთში - 407 ლარი.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.