ბიზნესომბუდსმენი სასტუმრო „ბუდაპეშტზე“: სასამართლოს გადაწყვეტილება იმსახურებს პატივიცემას და მისი აღსრულება ბიზნესისთვის და ნებისმიერი ინვესტორისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.
საქართველოს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ვაკის პარკში, სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, რომელმაც ძალაში დატოვა კომპანიის მშენებლობის ნებართვა, ბიზნესისთვის და ნებისმიერი ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია.
ირაკლი ლექვინაძის თქმით, თემის სენსიტიურობის მიუხედავად, სასამართლოს გადაწყვეტილების არაღსრულება ერთგვარად ბიზნესის უფლების შემზღუდავ კომპონენტს წარმოადგენს.
„მე რამდენიმე წელი ვიყავი თბილისის მთავრობის წევრი და კარგად მესმის ამ საკითხის სენსიტიურობა. ერთის მხრივ, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ინტერესი და მაღალი სენსიტიურობა, თუმცა მე, როგორც ბიზნესომბუდსმენს მიმაჩნია, რომ არსებობს სასამართლო გადაწყვეტოლება. ბუნებრივია, სასამართლოს გადაწყვეტილების რევიზია ჩემი კომპეტენცია არ არის და ჩვენ ვენდობით სასამართლოს, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ამიტომ მისი არაღსრულება ერთგვარად არის ბიზნესის უფლების შემზღუდავი კომპონენტი, ამიტომ ვფიქრობ, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც არსებობს, რომელიც ბევრს მოსწონს და ბევრს არ მოსწონს, იმსახურებს პატივისცემას და მისი აღსრულება ბიზნესისთვის და ნებისმიერი ინვესტორისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი.
მერია პასუხობს იმ საზოგადოებრივ ინტერესს და იმ სენსიტიურობას საკითხისას, რომელიც არსებობს ამ პროექტის მიმართ და მერია არის საზოგადოების არჩეული და ამ ინტერესს პასუხობს, მაგრამ მნიშვნელოვანია, ის კომპრომისული გადაწყვეტილებები, რომელიც შეიძლება ამ კუთხით იყოს ისეთი, რომელიც ასევე პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას და მეორეს მხრივ, არ დააზარალებს ინვესტორს“, – აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.
მიუხედავად იმისა, რომ უზენაესმა სასამართლომ გასულ კვირას კომპანიას სასტუმროს მშენებლობის ნებართვა ძალაში დაუტოვა, მერიისთვის ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა მიუღებელია.
მერიამ კომპანიას ადგილმონაცვლეობა ან პროექტის კორექტირება შესთავაზა – სასტუმროს ნაცვლად ააშენოს რესტორანი, რაზეც კომპანია უარზეა.