ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტყიბულის მუნიციპალიტეტში საუკეთესო იმერული ეზოს გამოსავლენად კონკურსი ტარდება
23 მაისი, 2018

ტყიბულის მუნიციპალიტეტში საუკეთესო იმერული ეზოს გამოსავლენად ადგილობრივი მთავრობა კონკურსს „წარმოაჩინე შენი კარმიდამო“ აცხადებს.

განაცხადების მიღება 31 მაისამდეა და როგორც ადგილობრივ მუნიციპალიტეტში აცხადებენ, ტყიბულის მერიაში უკვე შესულია კონკურსში მონაწილობის მსურველთა განცხადებები, სადაც აქტიურობით ორპირის ადმინისტრაციული ერთეული გამოირჩევა. შედარებით ნაკლები განცხადებებია ტყიბულიდან.

კონკურსის პირობების თანახმად, თითოეული მონაწილე თავისუფალია საკუთარი კარმიდამოს წარმოჩენის ინტერპრეტირებაში. თუმცა, კონკურსის ორგანიზატორები მიესალმებიან ორიგინალურ მიდგომებსა და განსხვავებულ ხედვებს. კარმიდამო უნდა გამოირჩეოდეს ესთეტიკური სილამაზით, წარმოადგენდეს საცხოვრებელი, სამეურნეო შენობების, ეზოსა და სხვა საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის კარგად შეხამებულ ნაზავს. უპირატესობა მიენიჭება იმერულ, ადგილობრივი გარემოსათვის დამახასიათებელ სახლ-კარსა და ეზო-მიდამოს.

კონკურსი გაიმართება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული საკონკურსო კომისია შეარჩევს ნომინანტებს, რომლებიც გადავლენ შემდეგ საფეხურზე. მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტების კარმიდამოს დაათვალიარებს და შეაფასებს კომისიის სამუშაო ჯგუფი. მათ მიერ შერჩეული ფოტოები გამოქვეყნდება მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ მედიაში (facebook.com). ამ ფორმით საზოგადოების მიერ მოწონებული და რეკომენდირებული კონკურსანტების შესახებ მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

გამარჯვებული გამოვლინდება ნომინაციებში:

  • საუკეთესო ეზო;
  • საუკეთესო სახლი;
  • საუკეთესო კარმიდამო (ეზო, სახლი, მარანი ან სხვა დამხმარე ნაგებობები, ინტერიერი, ექსტერიერი)
  • ქალაქის საუკეთესო კორპუსის შიდა ეზო.

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებული კონკურსანტი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიისაგან დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით. გამარჯვებული კარმიდამოს ფოტომასალა დაიბეჭდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის გაზეთში, გამოიფინება ტყიბულქალაქობა 2018-ის ღონისძიებაზე და გამოიკვრება მერიის მისაღებში. ასევე,  ინფორმაცია კონკურსის შედეგების შესახებ განთავსდება საინფორმაციო ცენტრის ვებგვერდსა და მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურ მედიაში facebook გვერდზე.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.