ქართული ღვინო, თხილი, მინერალური წყლები, ნატურალური წვენები, ყველი, განსაკუთრებით კი თუშური გუდა იმ აგრო პროდუქტების ჩამონათვალია, რომელსაც აშშ-ის ბაზარზე დამკვიდრების დიდი პოტანციალი აქვს.
ასე მიაჩნია სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს.
მინისტრმა ევროპასა და შუა აზიაში ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის მოადგილესთან, დანიელ მალანთან ამერიკასა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობაზე ისაუბრა.
აღნიშნა, რომ წარმოებასა და რეალიზაციაში საერთაშორისო სტანდარტის დანერგვა უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომელსაც სახელმწიფოც აქტიურად უჭერს მხარს. აქტუალურად მიაჩნია ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით ისეთ ბაზრებზე პოზიციონირების გააქტიურებას, როგორებიცაა აშშ, ჩინეთი, იაპონია და სხვა აზიური ბაზრები.
მინისტრისთვის მნიშვნელოვანია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ქართული აგროსასურსათო პროდუქციისთვის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია.
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ქართული ღვინის და განსაკუთრებით „საფერავის“ არომატი, ამერიკელი მომხმარებლისთვის საინტერესოა. ის ფაქტი, რომ აშშ-ის სამ ქალაქში – ვაშინგტონში, ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოში არსებობს ცენტრები, რომლებიც ქართულ ღვინოს უწევენ პოპულარიზაციას და რომ საქართველო ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის წევრია, ხელს უწყობს ქართული ღვინის დამკვიდრებას აშშ-ის ბაზარზე.
www.bpi.ge