ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის შვეიცარული სკოლა Les Roches საქართველოში ოპერირებას იწყებს
შვეიცარული სკოლა, ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის მიმართულებით, Les Roches საქართველოში ოპერირებას იწყებს. Les Roches საქართველოში შემოდის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე და მაღალი დონის მენეჯერებს მოამზადებს.
Les Roches-ი მსოფლიოს საუკეთესო სამეულში შედის. შვეიცარული სკოლა საქართველოში ოპერირებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მხარდაჭერით იწყებს. მთავრობაში იმედოვნებენ, რომ პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებასა და ტურიზმის მზარდი ინდუსტრიის კიდევ უფრო მეტად განვითარებას.
სკოლის პროგრამის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრმა საქართველოს როგორც ტურიზმის მიმართულებით გამორჩეული ქვეყნის პოტენციალზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ ორჯერ გადააჭარბა საქართველოს მოსახლეობის რაოდენობას.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ტურიზმის განვითარება გადამდებია ისეთ დარგებზეც, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, მშენებლობის სფერო და საქართველომ განსაკუთრებული აქცენტი უნდა გააკეთოს მომსახურების ხარისხზე, ამ თვალსაზრისით ტურიზმის სფეროს ასეთი ტემპით ზრდის პირობებში, მწვავედ დგება მაღალი დონის მენეჯერების მომზადების საკითხი.

„საქართველოში უმეტეს პრემიუმ კლასის სასტუმროებში გვყავს უცხოელი მენეჯერები. რა თქმა უნდა, მივესალმებით გამოცდილებისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ მოსახლეობაში მოვამზადოთ მაღალი რანგის მენეჯერები, რომლებიც შეძლებენ იყვნენ კონკურენტუნარიანები კონკურენტულ გარემოში,"- განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა მსოფლიო სათხილამურო ფედერაციის კონგრესზე მირებულ გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატს თავისუფალი სტილით სრიალში - თხილამურსა და სნოუბორდში საქართველო უმასპინძლებს ნიშნავს, შედეგად აღნიშნავს, რომ ქვეყანა ამ მიმართულებით უმაღლეს ლიგაში გადადის და ეს უმნიშვნელოვანესი პროცესი არა 2023 წლიდან, არამედ დღეიდან იწყება.
„ეს უკვე ნიშნავს გაზრდილ ინვესტიციებს, პირველ რიგში ბაკურიანსა და გუდაურში მთელი საქართველოს მასშტაბით,"- აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება კერძო სექტორისთვის იქნება ერთგვარი ენთუზიაზმი ზამთრის სპორტის სახეობებისა და ზამთრის ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით და აგრეთვე, ეს სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულების კიდევ უფრო მაღალი რანგის პრიორიტეტში აყვანას ნიშნავს.
www.travelingeorgia.ge