ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2019 წელს 1500 პირის გადამზადებას გეგმავს, რაშიც ჯამში 325 000 ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა.
მისი განმარტებით, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული გადამზადების პროგრამა განთავსების ობიექტების თანამშრომლებს, კვების ობიექტების თანამშრომლებს, სამთო გამყოლებსა და გიდებს შეეხებათ, რომელთაც სურთ, რომ კვალიფიკაცია აიმაღლონ ან ტურიზმის სფეროში დასაქმდნენ.
გადამზადების პროგრამის განხორციელება მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყება. ამასთან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საგარეო საქმეთა სამინისტრო და განათლების სამინისტრო სპეციალურად გიდებისთვის ქმნიან კურსებს, რომლის ფარგლებშიც ისინი როგორც პოლიტიკური, ისე სხვა მიმართულებით ტურისტების მიერ ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვების შესახებ სახელმწიფოს ერთიან პოზიციას მოისმენენ და პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში გამოიყენებენ.
როგორც მარიამ ქვრივიშვილი განმარტავს, სტრატეგია არის ის, რომ ბევრ ადამიანს მივცეთ საშუალება, რომ ჩვენს სექტორში დასაქმდეს, ამასთანავე, დასაქმდეს ისე, რომ ჩვენ 2025 წლის ტურიზმის სტრატეგიის მიზნების მიღწევა შევძლოთ, ანუ გვქონდეს საერთაშორისო მომსახურების შესაბამისი მომსახურება.
„ეს არ არის მოკლევადიანი მიზანი. ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, რაც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას აქვს დასახული. ის ინვესტიციას დებს იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს უფასოდ მიეცეთ საშუალება, გიდის პროფესიის მიმართულებით კვალიფიკაცია აიმაღლონ. ეს პროექტი იწყება ახლა და იქნება არამხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც და გადის მთელი საქართველოს მასშტაბით. ძალიან სასიხარულოა, რომ განათლების სამინისტრო ამ პროექტში უდიდესი მხარდამჭერი სტრუქტურაა. ამასთან, გიდების გადამზადება მოხდება კონკრეტული მიმართულებით და ძალიან სწორი და კარგი ინიციატივაა, რომელიც კერძო სექტორისგან მიიღო როგორც ტურიზმის ადმინისტრაციამ, ისე საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ჩვენთან ძალიან გამოცდილმა გიდებმა ხაზი გაუსვეს, რომ მათ სურვილი აქვთ, იცოდნენ, რა კითხვაზე როგორი პასუხი გასცენ. ეს შეეხება თუნდაც ოკუპირებულ ტერიტორიებს ან რაიმე სახის სხვა კითხვებს. ორივე სტრუქტურა შევთანხმდით იმაზე, რომ გიდებისთვის მსგავსი ტრენინგ-კურსი იქნება და მათთვის, ვინც ვერ შეძლებენ, რომ ამ კურსებს ვერ დაესწრონ, გავაკეთებთ ხშირად დასმული კითხვების ჩამონათვალს და იქნება უკვე განსაზღვრული პასუხები, რასაც გავასაჯაროებთ”,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
IPN.GE