„თბილისში სასტუმროების რაოდენობამ ძალიან იმატა, რაც ცალსახად კარგია და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე მეტყველებს“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ მიხეილ ლერმონტოვის #10-ში მდებარე IOTA HOTEL TBILISI-ს გენერალურმა მენეჯერმა დავით კუპრაშვილმა განუცხადა. როგორც კუპრაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს ბიზნესში ჩადებული საწყისი კაპიტალი 20 მილიონ ლარს შეადგენს. ხოლო სასტუმროში150-მდე ადამიანია დასაქმებული.

-დავით, უამბეთ „კომერსანტის“ მკითხველს IOTA HOTEL TBILISI-ს შესახებ. როგორი იყო მისი ჩამოყალიბების პერიოდი და როდის შემოხვედით ბაზარზე?
-როგორც ყოველთვის, ყველაფერი იდეით დაიწყო. გვსურდა, განსხვავებული და ამავდროულად, სრულიად ქართული პროდუქტი შეგვექმნა. ამ იდეის განხორციელებას წელიწადნახევარი და ჩვენი გუნდის წევრების თავდაუზოგავი მუშაობა დასჭირდა. კომპანია 2015 წელს პარტნიორებთან ერთად დავაფუძნე, ხოლო სასტუმრო 2017 წელს გაიხსნა.
IOTA HOTEL TBILISI ხუთვარსკვლავიანი, მაღალი კლასის 90 ნომრიანი დიზაინ-სასტუმროა, რომელიც მომხმარებელს ეკოლოგიურ, მწვანე გარემოს სთავაზობს. 300 კვადრატულ მეტრზე ვერტიკალური და ჰორიზონტალური ბაღებია გაშენებული, მშენებლობისა და კეთილმოწყობის პროცესში კი ეკოლოგიურად სუფთა, ქართული ხის მასალებია გამოყენებული.
სასტუმრო ორი ტიპის საკონფერენციო დარბაზითაა აღჭურვილი, რომელთა ტევადობა ჯამში 180 ადამიანზეა გათვალისწინებული.
-როგორც ვიცი, სასტუმროს გარდა ამ სივრცეში ორი რესტორანი ფუნქციონირებს...
-დიახ, სასტუმროს გარდა ჩვენთან ფუნქციონირებს ორი რესტორანი, “IOTA GARDEN”, რომელიც სტუმრებს ევროპულ და იაპონურ კერძებს სთავაზობს და “GHUMELI“, რომელშიც ქართული და ევროპული სამზარეულოს დაგემოვნება შეგიძლიათ. სულ მალე კი გაიხსნება ღვინის ბარი „ღვინის ობსერვატორია“.
-ნებისმიერი სახის ბიზნესის შექმნის დროს სახელწოდებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან მის პრესტიჟს სხვა მნიშვნელოვან დეტალებთან ერთად სახელწოდებაც განსაზღვრავს. რატომშეურჩიეთ სასტუმროს ამჟამინდელი სახელწოდება?
-ეს დავიწყებული სიმბოლოს ამბავია. „იოტა“ ძველი ქართული ანბანის ასოა, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს, თანამედროვე, ლიტერატურული ენის შექმნის მიზნით ოთხ დანარჩენ ასოსთან ერთად ანბანიდან ამოიღეს. ეს ასოებია: ჰე, იოტა, ვიე, ხარი და ჰოე. საინტერესო ისაა, რომ „იოტა“ ქართულადაც და ინგლისურადაც ცოტაოდენს, მცირე რაოდენობას ნიშნავს. თუმცა, შესაძლოა, მცირეში ძალიან დიდი, მრავლისმომცველი იყოს ჩამალული. ბრენდის ფილოსოფია სწორედ ესაა: ნაკლები, როგორც მეტი.

-თქვენი საფასო პოლიტიკა როგორია, რამდენად ხელმისაწვდომია ფასები საშუალო და დაბალშემოსავლიანი სეგმენტისთვის?
-ჩვენი სეგმენტი ძირითადად საშუალო და მაღალიშემოსავლიანი მომხმარებელია. თუმცა, ვინაიდან დიდი ხანი არაა, რაც ბაზარზე შემოვედით, მაღალი კლასის სასტუმროს კვალობაზე ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია.
-ბოლო პერიოდში თბილისში სასტუმროების რაოდენობამ იმატა, თქვენი აზრით, ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია როგორ პირობებში უნდა მოხდეს და თქვენ როგორ უწევთ სხვებს კონკურენციას?
-დიახ, თბილისში სასტუმროების რაოდენობამ ძალიან იმატა, რაც ცალსახად კარგია და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარებაზე მეტყველებს. სწორედ ესაა ჯანსაღი კონკურენციის წინაპირობა: კონკურენციის გაძლიერება. ჩვენი უპირატესობა კი უნიკალური, ყველასგან განსხვავებული პროდუქტი, საუკეთესო ადგილმდებარეობა და სერვისის უმაღლესი ხარისხია.

-სასტუმრო ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით როგორ შეაფასებდით ქართულ ბაზარს? რამდენად მარტივია ჩვენ ქვეყანაში გქონდეს წარმატებული სასტუმრო ბიზნესი?
-თუ საქმეს სერიოზულად და პროფესიონალურად ეკიდები, ბიზნესის წარმოება არასდროსაა მარტივი. საქმეს კი სერიოზულად უნდა მოეკიდო, რადგან სხვანაირად წარმატების მიღწევა შეუძლებელია. გამონაკლისი არც სასტუმროს ბიზნესია. ბაზარზე არსებული კონკურენციის პირობებში კი მოდუნება დაუშვებელია.
ზოგადად, საქართველოში ძალიან კარგი ბიზნესგარემოა თუმცა, სასამართლო პროცესების წარმართვისას მეტი სისწრაფეა საჭირო.
აღსანიშნავია ისიც, რომ პროფესიონალი კადრის მოძიებას დიდი დროს სჭირდება. თუმცა, სფეროს განვითარების და მოთხოვნების ზრდის პარალელურად, კადრების პროფესიონალიზმიც იზრდება.
-რას შეცვლიდით დღეს ეკონომიკაში, რაც ბიზნესის წარმართვას მეტად გაგიადვილებდათ?
-საქართველო ულამაზესი ქვეყანაა. ძალიან კარგი იქნებოდა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის სახელმწიფოს მხრიდან დიდი ბიუჯეტის გამოყოფა ულამაზეს, მაგრამ რთულად მისასვლელ ადგილებში. ეს პროცესი, ბიზნესისა და ტურიზმის უკეთ მუშაობას შეუწყობს ხელს. ასე რომ, ტურისტული ბიზნესი რომ განვითარდეს, სახელმწიფომ რთულად მისასვლელ ადგილებზე ინფრასტრუქტურა უნდა გამართოს.

-საუბრის დასასრულს გვიამბეთ IOTA HOTEL TBILISI-ს სამომავლო გეგმებზე...
-უახლოეს მომავალში აუცილებლად ვაპირებთ IOTA HOTELS-ის კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობის დაწყებას. ამჟამად ადგილმდებარეობის შერჩევის ეტაპზე ვართ, რასაც დიდი სიფრთხილე სჭირდება.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე