ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„ტურისტების ზრდის ტემპს ინფრასტრუქტურა ვერ მიჰყვება“ - რატომ ვერ ვიზიდავთ მაღალბიუჯეტიან ტურისტებს?
08 იანვარი, 2018

რამდენს ხარჯავს საქართველოში შემოსული ერთი ტურისტი საშუალოდ, ამის ოფიციალური სტატისტიკა კვლავაც არ არსებობს, თუმცა არაოფიციალურად და ექსპერტული გათვლებით, ისევე როგორც გასულ წლებში, 2017 წელსაც, საქართველოს უმეტესად მცირებიუჯეტიანი მოგზაურები ეწვივნენ. 

ქვეყანას რომ მაღალბიუჯეტიანი ტურისტის მოზიდვა არ შეუძლია და ეს სახელმწიფო დონეზე მოსაგვარებელი საკითხია, ამის შესახებ სფეროს ექსპერტები და სფეროს წარმომადგენლები მუდმივად საუბრობენ. მართალია, წლიდან წლამდე ვიზიტორების რაოდენობა იზრდება, თუმცა მნიშვნელოვნად არ იზრდება ტურისტების დანახარჯები. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოს 7 554 936 მოგზაური ეწვია, რაც 1,194,433-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და ფიქსირდება +18.8% ზრდა. რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალს, ჩოგოვაძის თქმით, 2017 წლის ბოლოს ქვეყანამ უკვე 2.7 მილიარდი აშშ დოლარი მიიღო. სამომავლო გეგმები კი ტურიზმის ადმინისტრაციას უფრო ამბიციური აქვს, ჩოგოვაძე ვარაუდობს, რომ „2018 წელს საქართველოში 8 მილიონი საერთაშორისო მოგზაური შემოვა, ხოლო შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გადააჭარბებს 3 მილიარდ აშშ დოლარს. სპეციალისტები კი თვლიან, რომ ტურიზმიდან მიღებული თანხა ცოტაა და მაღალბიუჯეტიანი ტურისტების დიდი რაოდენობის შემთხვევაში, შემოსავალი გაცილებით უფრო ბევრი იქნებოდა.

როგორც შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, ტურიზმის სფეროს მაღალი ხარისხი და შესაბამისი კომფორტი არ ახასიათებს, რის გამოც საქართველოში სტუმრობით მხოლოდ დაბალბიუჯეტიანი მოგზაურები ინტერსდებიან.

„შესაბამისი ციფრები და სტატისტიკა არ გვაქვს, თუმცა ჩვენ გვაქვს ინფორმაცია სპეციალური გამოკითხვებიდან. სასტუმროების, გიდების, ტურისტული კომპანიების გამოკითხვის შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასულ წელსაც შემოსული ტურისტების უმეტესობა ისევ დაბალბიუჯეტიანი იყო. უცხოელ ტურისტებს როცა ვეკითხებით რატომ ირჩევენ საქართველოს, ისინი ამბობენ, რომ პირდაპირი ფრენებისა და იაფი ფრენის გამო.

სამწუხაროდ, სფეროში შესაბამისი კომფორტი არ გვაქვს. ტურისტების ზრდის ტემპს ინფრასტრუქტურა ვერ მიჰყვება. მაგალითად, ზამთრის კურორტებზე გზები ცუდად იწმინდება, პარკირების პრობლემებია. ყველა დამსვენებელი ამაზე საუბრობს. სანამ ტურიზმში ხარისხი, მომსახურება, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა გვექნება, მანამდე მაღალბიუჯეტიან მოგზაურებს ვერ მოვიზიდავთ. ამ ყველაფრის დალაგების შემდეგ, მოზიდვას სწორი მარკეტინგი სჭირდება“, - აღნიშნავს თაბაგარი.

კითხვაზე, არის თუ არა სახელმწიფოს პრეროგატივაა, რომ ქვეყანაში მაღალბიუჯეტიანი ტურისტების მოზიდვა მოხდეს, ია თაბაგარი პასუხობს, რომ სახელმწიფომ და კერძო სექტორმა ეს ერთად უნდა გააკეთონ, თუმცა განსაკუთრებით სახელმწიფომ უნდა იაქტიუროს.

„ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ამაზე, როგორც სახელმწიფომ, ასევე კერძო სექტორმა. თუმცა ყველაზე მეტად სახელმწიფომ უნდა იზრუნოს. უნდა გვქონდეს როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი დეტალური სტრატეგიები. სახელმწიფოს მხრიდან როდესაც სპონტანურად კეთდება რაღაც, ქაოტური სიტუაცია იქმნება. მართალია, ტურიზმის სფეროში წინსვლა ძალიან დიდია. ქვეყნის ცნობადობა საკმაოდ გაზრდილია, მაგრამ სახელმწიფოს სტრატეგია დასახვეწია. კარგად გააზრებული უნდა ჰქონდეს, თუ რა უნდა და რას ელის სამომავლოდ, როცა ამა თუ იმ ნაბიჯს გადადგამს. ამასთან, უნდა გვქონდეს სარეზერვო გეგმა დაუგეგმავი მოვლენებისთვის“, - აცხადებს თაბაგარი.

რაც შეეხება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავალს, 2,7 მილიარდ დოლარს, როგორც ია თაბაგარი აცხადებს,  ეს  თანხა ცოტაა: „ჩემი აზრით, 2,7 მილიარდი ცოტაა და შეიძლებოდა, უფრო მეტიც ყოფილიყო. თუმცა ამასაც დაზუსტებით ვერ ვიტყვით, რადგან შესაბამისი კვლევები გვჭირდება“, - აღნიშნავს თაბაგარი.

მისივე ინფორმაციით, გასულ წელს ყველაზე ნაკლებად მხარჯველი ტურისტები რუსეთიდან, არაბული ქვეყნებიდან, ირანიდან, ინდოეთიდან შემოვიდნენ. ყველაზე მხარჯველები კი ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, სამხრეთ კორეის და ძირითადად დასავლეთ ევროპის ქვეყნების მოქალაქეები იყვნენ.  

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.