„ტურისტები იზოლაციაში იქნებიან და მცირე ბიზნესს ხელი შეეშლება“ – მაია სიდამონიძე უცხოელი გიდების საქმიანობის აკრძალვაზე
„უცხოური ტურისტული კომპანიებისთვის ლიცენზიების შემოღება სადამსჯელო ნაბიჯი იქნება, რომელიც შედეგს არ გამოიღებს“, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაია სიდამონიძემ „კომერსანტს“ განუცხადა.
უცხოური ტურისტული კომპანიებისთვის გარკვეული შეზღუდვები დაწესდება და ისინი ტურისტს ქართველი გიდის გარეშე ვეღარ შემოიყვანენ. გიდების ასოციაციის ხელმძღვანელის ქეთევან მელაძის განმარტებით, ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, საპილოტე პროგრამას ამზადებენ, რომელიც მომავალი წლიდან ამოქმედდება.
უცხოელ ტურისტს გიდი საკუთარი ქვეყნიდან რომ მოჰყვება და უცხოური ტურისტული კომპანიები ქართულ ტურისტულ კომპანიების გვერდის ავლით საქმიანობენ, ამის შესახებ ტურ-ოპერატორები და სფეროს ექსპერტები ხშირად საუბრობენ. მელაძის თქმით, აღნიშნული რეგულაცია პრობლემას მოაგვარებს.
თუმცა განსხვავებული პოზიცია აქვს მაია სიდამონიძეს. მისი თქმით, უცხოელი ტურისტი ქართველ გიდს იმიტომ არ ირჩევს, რომ ხშირ შემთხვევაში შესაბამის მომსახურების ხარისხს ვერ იღებს.
„უცხოელ ტურისტს გიდი მოჰყვება იმიტომ, რომ ჩვენთან შესაბამისი მომსახურება არ ხვდება. ბევრი უცხოური ტურისტული კომპანია ვიცი, რომელმაც ქართულ ტურისტულ კომპანიასთან ურთიერთობა გაწყვიტა იმის გამო, რომ ხარისხიანი მომსახურება ვერ მიიღო. ასეთი რეგულაცია გამოიწვევს იმას, რომ უცხოურ კომპანიებს აეკრძალებათ ქართველი გიდების გარეშე საქმიანობა, თუმცა ამ ეტაპზე ქართველი გიდების იმედი არ მაქვს. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ტურისტული კომპანიაა გახსნილი, მაგრამ დიდ ნაწილს რესურსი არ აქვს, რომ მომხმარებელს მაღალი ხარიხსის მომსახურება მიაწოდოს“, - განაცხადა სიდამონიძემ.
მისივე თქმით, მსგავსი რეგულაცია საბჭოთა სისტემის აკრძალვას ჰგავს, რომელიც საბოლოოდ შედეგს ვერ გამოიღებს.
„ეს არის ერთგვარი სადამსჯელო ნაბიჯი, რომელიც თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპს ეწინააღმდეგება და საბჭოთა სისტემის აკრძალვას უფრო ჰგავს. რეგულაცია თუნდაც გაკეთდეს, შეიცვლება ის, რომ უამრავი კომპანია დაიხურება. მცირე ბიზნესის განვითარებას ხელი შეეშლება და ტურისტები დიდ იზოლაციაში იქნებიან. ე.წ. შავი ბაზარი და კორუფციის წყაროები გაჩნდება. ეს პრობლემას ნამდვილად ვერ გადაწყვეტს იმიტომ, რომ პრობლემა დღესდღეობით არის განათლების დაბალი დონე და არაკვალიფიციური კადრების ყოლა“, - აღნიშნა მაია სიდამონიძემ.
ექსკურსიამძღოლების არაკვალიფიციურობაზე, ინფრასტრუქტურაზე, მომსახურების სფეროზე, ტრანსპორტზე, როგორც ქართული ტურიზმის ხარვეზებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომავალი სეზონისთვის აღნიშნული ხარვეზები უნდა გამოსწორდეს.
„პრემიერს ვეთანხმები, რომ ინფრასტრუქტურის, მომსახურების მხრივ ტურიზმში პრობლემებია, რაც უნდა მოგვარდეს. თუმცა ეს არის გამოწვევა და კომპლექსური მიდგომაა საჭირო შესაბამისი სტრუქტურების ჩართვით. ამის გარეშე ეს ყველაფერი ფუჭ საუბრად დარჩება. სეზონის წინ გადამზადების კურსებისა და ტრენინგების ჩატარება საქმეს არ უშველის. სერიოზული საგანმანათლებლო რეფორმების გატარება საჭირო. არსებული კადრების კვალიფიკაცია უნდა ამაღლდეს. ეს მცირე ბიზნესსაც წაადგება და წინააღმდეგი არ იქნებიან, რომ გადამზადდნენ“, - განმარტა სიდამონიძემ.
მისივე თქმით, სერიოზული პრობლემაა ისიც, რომ ტაქსის მძღოლები ტურისტებს შესაბამის სერვისს ვერ აწვდიან და ხელისუფლებამ სერტიფიცირების გარკვეული პროგრამა უნდა აამოქმედოს.
„ტაქსის მძღოლები ტურისტებს მგზავრობის ღირებულებას ორმაგად და სამმაგად ახდევინებენ. არ იციან ქუჩები, სასტუმროების დასახელებები და ტურისტები შეცდმომით სხვა ადგილებზე მიჰყავთ. სოციალურ მედიაში და ბლოგებში უცხოელი ტურისტები ამის შესახებ აქტიურად წერენ და სამომავლოდ ეს ცუდი ტენდენციაა. მესმის, რომ ტაქსების სერტიფიცირება მტკივნეული გადაწყვეტილება იქნება. ვერცერთმა მთავრობამ ეს ნაბიჯი ვერ გადადგა, მაგრამ, როდესაც სახელმწიფო ინტერესზე, კონკრეტული სფეროს განვითარებაზე და მომხმარებლის უფლებების დაცვაზეა საუბარი, სიტუაციის დარეგულირებისკენ ნაბიჯები უნდა გადაიდგას. არ შეიძლება უცხოელ ტურისტს ემსახურებოდეს ტაქსი, რომელმაც ქუჩები არ იცის“, - განაცხადა მაია სიდამონიძემ.
ავტორი: თეონა კენჭიაშვილი
„უცხოური ტურისტული კომპანიები ტურისტებს ქართველი გიდის გარეშე ვეღარ შემოიყვანენ“
commersant.ge