ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თელავში დაყენებული ქვევრის ღვინო გერმანიაში იყიდება
27 აპრილი, 2018

თელავში მდებარე როსტომაანთ მარანაში დაყენებული ღვინო გერმანიაში იყიდება. 

როგორც Knews-ს მარნის ხელმძღვანელმა ირაკლი როსტომაშვილმა განუცხადა, იგეგმება ღვინის ექსპორტზე სხვა ქვეყნებშიც გატანა.

როგორც როსტომაშვილი ამბობს, პროდუქცია ექსპორტზე შემთხვევით გაიტანა. „ელ.ფოსტაზე მივიღე წერილი, ერთ ადამიანს სურდა ღვინის ნიმუში რომ გამეგზავნა, ღვინის ბიზნესის დაწყება უნდოდა. ნიმუშის გაგზავნის საფასური თავად გადაიხადა. ჩემი ღვინო მოეწონათ. 100 ბოთლი კახური რქაწითელი და 50 ბოთლი ქვევრის საფერავი გავაგზავნე. ჩვენს სამომავლო მიზნებში საექსპორტო ბაზრების გაფართოვება შედის“, - ამბობს Knews.ge-სთან როსტომაშვილი. 

როგორც Knews-ge წერს, როსტომაშვილებს საგვარეულო მარანი წლების წინ ახმეტაში ჰქონდათ. ირაკლიმ ოჯახური ტრადიციის გაგრძელება და მარნის დაარსება გადაწყვიტა. მარნის ასაშენებლად მეღვინემ ბანკიდან სესხი გამოიტანა, ქვევრები და ყურძენი შეიძინა, შემდეგ წელს კი ასევე სესხით მარანი ააშენა.

„ყურძენს ვყიდულობდი და ღვინოებს ალავერდის მონასტრის მარნის დახმარებით და მათი კონსულტაციით ვაყენებდი. 2015–2016 წლებში ვიყიდე პატარა ვენახები რუისპირში და სანიორეში. 2017 წელს 5000 ლარით დაგვაფინანსა ელკანამ და მსოფლიო ბანკმა, სადაც ჩვენი თანამონაწილებაც 50% იყო, მათი ფინანსური დახმარებით მარანთან გავაკეთეთ სადეგუსტაციო ოთახი, ეზოში ბილიკები და ტურისტული ინფრასტრუქტურა მოვაწყეთ. მარანი ტურიზმისთვის ძალიან ხელსაყრელ ადგილას მდებარეობს, თელავის ცენტრში, პარკ ნადიკვართან“,- აღნიშნავს როსტომაშვილი. 

როსტომაანთ მარანში ღვინოს რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ყურძნისგან აწარმოებენ. ღვინოს ტრადიციული წესით, ყოველგვარი დანამატების გარეშე ქვევრსა და მუხის კასრებში აყენებენ. 

მეწარმე ფიქრობს, რომ ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელია მომხმარებელს მრავალი სახეობის ღვინო შესთასვაზო. ირაკლი როსტომაშვილი სამომავლოდ ქვევრის მშრალი ღვინოების წარმოებასაც გეგმავს.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.