ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თბილისში თხილამურებზე სრიალის სასწავლო ტრენაჟორების ცენტრი იხსნება
16 აპრილი, 2019

საქართველოში და ამიერკავკასიაში პირველად სრიალის მოყვარულებისთვის, დამწყებებისა და პროფესიონალებისთვის თხილამურებზე სრიალის შესწავლა, დახვეწა და პროფესიონალურ დონეზე ათვისება სპეციალური ტრენაჟორებით, სავარჯიშო დარბაზებში იქნება შესაძლებელი.

ბრიტანეთში დარეგისტრირებული, უკრაინული კომპანია  Proleski-ს ქართულმა  პარტნიორმა კომპანიამ Proleski Georgia-მ  საქართველოს ბაზარზე პირველად სპეციალური ტრენაჟორები შემოიტანა და სათხილამურო და სნოუბორდზე დგომის ტექნიკის სასწავლო ცენტრებს ხსნის.

„ტრენაჟორებს ინგლისური კომპანია აწარმოებს, რომელიც ახლა უკვე  საქართველოშიც შემოდის. საქართველო მთის კურორტების ქვეყანაა და, შესაბამისად, სპორტის ამ მიმართულებების შესწავლაზე მოთხოვნა  დიდია. ამ ეტაპზე უკვე დაინტერესებულები არიან კერძო საბავშვო ბაღები, სკოლები, რომელთაც უნდათ, რომ ბავშვები დატვირთონ მაქსიმალურად და ასწავლონ თხილამურზე ან სნოუბორდზე დგომა. სპეციალური კურსის გავლის შემდეგ უკვე შეუძლია ადამიანს წავიდეს ბაკურიანსა თუ გუდაურში და თამამად და უშეცდომოდ ისრიალოს,“ – აცხადებს კომპანია Proleski Georgia-ს დამფუძნებელი ზურაბ ზაბახიძე.

სპეციალური ტრენაჟორი აჩვენებს ადამიანს თხილამურზე დგომის დროს დაშვებულ შეცდომას, ტრენერის დახმარებით კი სწორად სრიალის ტექნიკას ასწავლის. უკვე ცნობილია, რომ სათხილამურო ცენტრით სარგებლობის  ერთი კურსი დაახლოებით  160 ლარი ეღირება.

კონკრეტულად სად გაიხსნება პირველი ცენტრი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა მოლაპარაკებები დაწყებულია რამდენიმე ცნობილ სატრენაჟორო ცენტრებთან, ასევე თბილისი მოლთან, „არენასთან“ და ა.შ. როგორც  ზურაბ ზაბახიძე „კომერსანტთან“ აცხადებს უკვე ცნობილია, რომ ტრენაჟორების ცენტრი თბილისში, სექტემბერში გაიხსნება და ამ ცერემონიალს  სპორტის ზამთრის სახეობების მსოფლიო ჩემპიონები და მათი ტრენერები დაესწრებიან.

ზურაბ ზაბახიძის ინფორმაციით,   კომპანია ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და მომავალში ქსელის განვითარებას გეგმავს.

„გვაქვს მოლაპარაკებები რამდენიმე ინვესტორთან,  ვფიქრობთ, ბათუმშიც , ქუთაისსა და სხვა დიდ ქალაქებში დავაარსოთ მსგავსი სასრიალო სასწავლო ცენტრი.  თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ  2023 წელს ზამთრის ოლიმპიური ჩემპიონატი გვაქვს და ახალი სპორტსმენები გვჭირდება, ვფიქრობთ, ჩვენი ტრენაჟორები ბევრ მომავალ სპორტსმენს დაეხმარება,“ – აღნიშნა ზურაბ ზაბახიძემ.

Proleski Georgia-მ სათხილამურო ტრენაჟორები უკვე შეიტანა აზერბაიჯანში და სომხეთში. ზურაბ ზაბახიძის თქმით, მათი კომპანია პირველია ამიერკავკასიაში, რომელიც ამ ბიზნესის განვითარებას გეგმავს.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.