თბილისში შერეული ტიპის მრავალფუნქციური კომპლექსი „ამერი პლაზა“ გაიხსნა. როგორც კომპლექსის მმართველი კომპანია „ჰორეკა ჯგუფის“ ხელმძღვანელი შალვა ალავერდაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, კოსტავას ქუჩაზე მდებარე კომპლექსი სრულად 20 სექტემბრიდან ამოქმედდება.
სასტუმროს ინვესტორი, ქართული კაპიტალით შექმნილი კომპანია „ამერი დეველოპმენტია“. კომპანიის ხელმძღვანელის გიორგი თავდიშვილის ინფორმაციით, სასტუმრო 4–ვარსკვლავიანია და მასში ჯამში 8 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
მისი განმარტებით, ობიექტი 17–სართულიანია და შერეული ტიპის კომპლექსს წარმოადგენს. თავდიშვილის განმარტებით, ერთ შენობაში განთავსებულია როგორც საცხოვრებელი სახლები, ისე სასტუმრო და კომერციული ფართები. პირველ სამ სართულზე განთავსებულია ოფისები, მათ შორის, საქართველოს ბანკის 2 ფილიალი. 9 სართულზე განთავსებულია საცხოვრებელი ბინები, ბოლო 5 სართული 4 ვარსკვლავიანი, 60 ნომრიანი სასტუმრო იქნება.
თავდიშვილის მტკიცებით, „ამერი დეველოპმენტი“ კომპანია „ჯითი ჯგუფისა“ და სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ერთობლივი პროექტია.


ავტორი: სოფო ქსოვრელი
commersant.ge