თბილისში სასტუმრო Rixos-ის ნაცვლად სასტუმრო Wyndham Grand-ი უახლოეს მომავალში გაიხსნება. საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატაში „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ ამჟამად სასტუმროში სამუშაოების საბოლოო ეტაპი და უნიკალური მშვიდობის ჭაღის (22X4 მ.) მონტაჟი მიმდინარეობს. გარდა ამისა, მიმდინარეობს საორგანიზაციო, ტექნიკური საკითხების მოგვარება, რომლის დასრულების შემდეგაც ს სასტუმრო Wyndham Grand-ი პირველ სტუმარს მიიღებს.


როგორც ცნობილია, სასტუმროს გახსნის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა, 2018 წელს საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელი იციკ მოშე „კომერსანტთან“ აცხადებდა, რომ სასტუმრო საკმაოდ რთული ტექნოლოგიებით და ძვირადღირებული მასალებით შენდება.
შენობა დედაქალაქის ცენტრში, გუდიაშვილის ქუჩაზე, სამუზეუმო უბანშია განთავსებული , პროექტის ბიუჯეტი 45 მლნ დოლარია, სასტუმროში 161 ოთახი იქნება, 32 ლუქსი და საპრეზიდენტო აპარტამენტი პანორამული ლიფტით.
სასტუმროში განთავსდება: საცურაო აუზი, აზიური სპა, სამი კაფე-ბარი და რესტორანი, მათ შორის, პანორამული “სქაი ბარი”, 5 საკონფერენციო დარბაზი . ცნობილია, რომ სასტუმროს ექსკლუზიურ 22-მეტრიან ჭაღს მსოფლიოში განათების ერთ-ერთი წამყვანი კომპანია „ლასვიტი“ დაამზადებს.

რაც შეეხება Wyndham Grand-ის ბრენდს ის Wyndham Hotel Group_ში შემავალია, სასტუმროების ეს ჯგუფი მსოფლიოში უმსხვილესია, მასში 8 000 სასტუმრო, 600.000-ზე მეტი სასტუმრო ოთახია გაერთიანებული მსოფლიოს 66 ქვეყანაში. ჯგუფში სულ 15 ბრენდია გაერთიანებული.

commersant.ge