„მეიდან ჯგუფმა" თბილისში ეკო-სასტუმრო park hotel-ის გახსნა გადადო. როგორც სასტუმროს გამხსნელი მენეჯერი შალვა ალავერდაშვილი „კომერსანტთან" საუბრისას განმარტავს, ამის მიზეზი კომპანიის ფინანსური პრობლემებია. მისი განცხადებით, ამ დროისთვის სასტუმრო აშენებულია, თუმცა დარჩენილია მცირე დეტალები, რომლის მოგვარებსაც დამატებითი ფინანსები სჭირდება.
ალავერდაშვილის განცხადებით, ამ დროისთვის უცნობია, როდის მოგვარდება დასახელებული პრობლემები და ეკო-სასტუმრო როდის გაიხსნება .
როგორც ცნობილია, ეკო-სასტუმროს გახსნა მიმდინარე წლის ივნისში იყო დაანონსებული. ეს იქნება ერთ-ერთი პირველი ეკო სასტუმრო თბილისში, მისი სახურავი სრულად ბალახითა და ყვავილებით იქნება დახურული. თავად სასტუმრო კი გარედან ხის მასალით იქნება მოპირკეთებული.
სასტუმროს გამხსნელი მენეჯერი მიმდინარე წლის მარტში აცხადებდა, რომ განიხილება სასტუმროში ალტერნატიული ენერგიის წყაროების გამოყენებაც.სასტუმრო „ვარდების ბაღში" მდებარეობს, ის 63 ნომრიანი და 3 ვარსკვლავიანი იქნება. აქვე განთავსებული იქნება საკონფერენციო დარბაზი და სპა ცენტრი.
სასტუმროს მოწყობისთვის 2 მილიონ დოლარამდე დაიხარჯა.
მეიდან ჯგუფი არის უძრავი ქონების განვითარების კომპანია, დაარსებული 2000 წელს.კომპანიის მიზანია თბილისის ისტორიულ ნაწილში ინვესტიციების და ახალი პროექტების განხორციელება არქიტექტურული ტრადიციების შენარჩუნებით.მეიდან ჯგუფის მართვაშია დღეისათვის სამი ბიზნეს ცენტრი ქ.თბილისში: "მეიდან პალასი", "მანთაშევის სავაჭრო რიგები" და ე.წ. "დიპლომატთა სახლი".
„მეიდან ჯგუფმა" წლის დასაწყისში თბილისში ბალნეოლოგიური კურორტი შეიძინა. ადგილზე თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო კომპლექსის მოწყობა იგეგმება.
ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი
commersant.ge