თბილისს კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი შეემატება - ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია 2018 წლის ბოლოს დასრულდება
ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, ორბელიანის მოედანზე, ფხოვის N3 - ფურცელაძის N18-ში არსებული საცხოვრებელი სახლის დემონტაჟი დაიწყო, რომლის ადგილზეც ახალი საცხოვრებელი სახლი აშენდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება დაახლოებით, 55 მლნ ლარია. ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია 2018 წლის ბოლოს დასრულდება.
პროექტის ფარგლებში, უკვე დასრულდა მტკვრისა და ვირსალაძის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოეწყო მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაიგო ასფალტის ახალი საფარი.
თბილისის მერის განცხადებით, ორბელიანის მოედანზე სამუშაოების დასრულების შემდეგ, დედაქალაქს კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი შეემატება.
„ეს დედაქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი იქნება. 18 შენობა-ნაგებობიდან 13 ისტორიული ძეგლია. ეს ის სიმდიდრეა, რომელიც ჩვენს ქალაქს გააჩნია. ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ ყველაფერს მოვლა-პატრონობა და მოწესრიგება სჭირდება. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ბევრი ადამიანია დასაქმებული. აქ მცხოვრები მოქალაქეების საცხოვრებელი ფართების ფასი კი, რეაბილიტაციის შემდეგ გაორმაგდება“, - განაცხადა მერმა.
მისივე თქმით, დედაქალაქის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია მომავალშიც გაგრძელდება.
„ისტორიული უბნების სარეაბილიტაციო სამუშაოებს მომავალშიც განვაგრძობთ. წელს გუდიაშვილის სკვერის რეაბილიტაცია დაიწყება და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, დედაქალაქს საკმაოდ ბევრ რეაბილიტირებულ ქუჩასა თუ უბანს დავუტოვებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის გიორგი ბაიდარაშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში, 150 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა იგეგმება.
„ვემზადებით ავტოპარკინგის მშენებლობისთვის. ყველა შენობაზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ძირითადად, ძეგლებზე იწმინდება ფასადები, იხსნება დეტალები, რომელთაც საამქროში გადაიტანენ, აღდგენილი კი, ფასადებზე დაბრუნდება. ასევე, მიმდინარეობს შენობების კონსტრუქციული გამაგრება, სარდაფების დასუფთავება და კონსტრუქციული ელემენტების დამატება“, - განაცხადა გიორგი ბაიდარაშვილმა.
www.travelingeorgia.ge