”საქართველოს აეროპორტების გაერთიანება”, მთავრობის მხარდაჭერით, CONNECT-ის მე-15 ფორუმს უმასპინძლებს. ფორუმი თბილისში 2018 წლის 20 – 23 თებერვალს გაიმართება.
ფორუმის ფარგლებში საქართველოს ეწვევა 500-მდე დელეგატი, მათ შორის 65 ავიაკომპანიისა და 250-მდე აეროპორტის წარმომადგენლები.
საავიაციო ფორუმის ფარგლებში საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებული და მოსალოდნელი გამოწვევები განიხილება, საფუძველი ჩაეყრება ავიაკომპანიებსა და აეროპორტებს შორის ახალ თანამშრომლობას სხვადასხვა ავიამიმართულებაზე.
Airport Agency-ს აღამასრულებელი დირექტორი, კარინ ბუტოტი განმარტავს, რომ „ბევრი ავიაკომპანია და აეროპორტი ირჩევს CONNECT-ს, მას მაქსიმალური შედეგები მოაქვს, რადგან შექმნილია ნაკლებად დაძაბული და მეტად პროდუქტიული გარემო. “ფორუმის დამსწრეთა 95%-ს მიაჩნია, რომ CONNECT ესადაგება ან აჭარბებს მათ მოლოდინებს. თბილისი არის ზღაპრული მიმართულება და ბევრისთვის დამალული საგანძური… ის ამაყობს ზღაპრული ტურისტული ღირსშესანიშნაობებით და დინამიური, მომავალზე ორიენტირებული ეკონომიკით. თბილისი შესანიშნავად ასახავს CONNECT-ის სულს, როგორც ბიზნესის კეთებისთვის ხელმისაწვდომი ადგილი და ხელს უწყობს CONNECT-ის ზრდას, ვინაიდან ჩვენი ღონისძიება მიიზიდავს ახლო აღმოსავლეთის და აზიის უფრო მეტ ავიაკომპანიას და აეროპორტს,“ – აცხადებს ბუტოტი.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი, ქეთევან ალექსიძის თქმით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა მსოფლიოს აჩვენოს ქვეყანის საგანძური და გააცნოს ტურისტული შესაძლებლობები.
„მოხარულნი ვართ, საქართველოში ვუმასპინძლოთ CONNECT-ის მე-15 საავიაციო ფორუმს. ჩვენი ქვეყანა ახლახანს კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპას ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის ამოქმედებით, რაც საქართველოსთვის არსებითად ზრდის ფორუმში ჩვენი მონაწილეობის მნიშვნელობას. გვსურს, მსოფლიოს ვაჩვენოთ ჩვენს ქვეყანაში დამალული საგანძური, ხელუხლებელი ტურისტული პოტენციალი და მოხარულნი ვიქნებით, CONNECT-ის მონაწილე დელეგატებს სპეციალური ტურები შევთავაზოთ, რათა აღმოაჩინონ თბილისის უნიკალური სილამაზე. ქართული სტუმართმოყვარეობა შესანიშნავ ფონს შეუქმნის ღონისძიების განმავლობაში ახალი კავშირების შექმნას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სულ მალე „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ დააანონსებს დამატებით სიხშირეებს ევროპის ძირითადი მიმართულებებით და იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენს წინსვლასა და განვითარებაში საავიაციო ფორუმი CONNECT-იც თავის როლს შეასრულებს.“ – ამბობს ალექსიძე.
CONNECT 2018 ავიამიმართულების განვითარების ღონისძიება, რომელიც მუშაობს ავიაკომპანიების, აეროპორტებისა და საავიაციო სფეროში მოღვაწე სხვა მიმწოდებლებისთვის. CONNECT ფოკუსირებული იქნება საჰაერო სერვისის განვითარებაზე და დელეგატებს სთავაზობს:
-
ულიმიტო პირისპირ შეხვედრებს, რასაც თავად დელეგატები აორგანიზებენ ღონისძიების დაწყებამდე;
-
CONNECT-ის კონფერენციას, სემინარს და ავიაკომპანიების ბრიფინგ პროგრამას.
www.bpi.ge