ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
თავისუფლების მოედანზე სასტუმრო “მონოგრაფის“ გახსნის თარიღი ცნობილია
05 თებერვალი, 2019

„საქართველოს ბანკის“ ყოფილი სათაო ოფისის გვერდით, თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „მონოგრაფი“ 2019 წლის 5 მაისს  გაიხსნება. პროექტის განმახორციელებელ დეველოპერულ კომპანია Well House-ში გახსნის თარიღს არც ადასტურებენ და არც უარყოფენ, თუმცა, საინფორმაციო სამსახურ 118 08-ში, სასტუმროს გახსნის თარიღად 5 მაისია დაფიქსირებული.

მაღალი სტანდარტის მქონე ლაქშერი ბუტიკ სასტუმრო პუშკინის 5/7 ნომერში (საქართველოს ბანკის ყოფილი სათაო ოფისის გვერდით) განთავსდება.

გასულ წელს კომპანიაში განმარტავდნენ, რომ საერთაშორისო ბრენდის შემოყვანა სასტუმროში არ იგეგმება და „მონოგრაფი“ ქართულ ბრენდად ჩამოყალიბდება. მათივე ინფორმაციით, ინვესტიციის ოდენობა 20 მილიონი დოლარითაა განსაზღვრული.

როგორც ცნობილია, კომპანიამ აღნიშნული ტერიტორია 2016 წელს შეიძინა, ამ დროისთვის კი სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაოებს ახორციელებს. 2017 წელს კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ღვინაძე „კომერსანტთან“ აცხადებდა, რომ სასტუმრო 37-40 ნომრიანი იქნებოდა და ოთახები ცნობილი იტალიური ბრენდების მიერ სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი ავეჯით მოეწყობოდა. „რაც შეეხება ფასებს, იქნება დემოკრატიული და მისაღები როგორც ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის-აცხადებდა ღვინაძე.

ღვინაძე განმარტავდა, რომ პროექტის უნიკალურობა მდგომარეობს იმაში, რომ სასტუმროს ზედა სართულებზე მოეწყობა მაღალი ევროპული სტანდარტების მქონე რესტორანი და ფრანგული ბრენდის ლაუნჯ ბარი. თუმცა, მაშინ ღვინაძე იმასაც ამბობდა,, რომ სასტუმრო „პლაზა დე ლიბერტეს სახელით ოპერირებას 2018 წლის 19 ივნისიდან დაიწყებდა.

დეველოპერული კომპანია Well House ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. მისი პირველი პროექტი საცხოვრებელი ტიპის კომპლექსის მშენებლობა იყო.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.