"თუ გინდათ კარგი აეროპორტი, მაშინ ფასებიც შესაბამისი იქნება", - ამის შესახებ "ტავ ჰოლდინგის" პრეზიდენტმა, სანი შენერმა განაცხადა. კითხვაზე, უშლის თუ არა ხელს ქართულ ბაზარზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შემოსვლას "ტავ ჯორჯიას" საფასო პოლიტიკა, "ტავ ჰოლდინგის" პრეზიდენტი პასუხობს, რომ მგზავრებს სჭირდებათ კარგი სერვისი, რასაც შესაბამისი ფასი აქვს.
"თუ გინდათ, ძალიან კარგი აეროპორტი, მაშინ ფასებიც შესაბამისი იქნება. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ადგილებზე მხოლოდ ერთი ტენტი და ასაფრენი ბილიკია საკმარისი. მაგრამ გამოცდილი მგზავრებს, რომლებიც ძირითად შემთხვევაში ტურისტები არიან, სჭირდებათ კარგი სერვისი. ესაა ეკონომიკა...", - განაცხადა სანი შენერმა.
"ტავ ჰოლდინგი" საქართველოში ინვესტირებას 2005 წლიდან ახორციელებს. დღემდე განხორციელებული 180 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციის შედეგად ფუნქციონირებს თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ახალი ტერმინალები. მოქმედი ხელშეკრულებით "ტავს" საქართველოში მოღვაწეობის უფლება 2027 წლამდე აქვს. როგორც სანი შენერი აცხადებს, "ტავი" მომავალშიც გეგმავს საქართველოს საავიაციო ბაზარზე ინვესტიციების განხორციელებას.
www.bm.ge