პანკისის ხეობაში ლაშქრობის დაგეგმვა გსურთ? გსურთ ესტუმროთ ხეობას და ეს ულამაზესი ადგილი დაათვალიეროთ? სოციალურ ქსელში უკვე იძებნება გვერდი Pankisi Camping პანკისი ქემფინგი, რომელიც ბუნების მოყვარულებს პანკისის ხეობაში სხვადასხვა აქტივობას სთავაზობს.

პანკისის ხეობა კახეთშია და ესაზღვრება თუშეთს. ხეობაში ქისტები ცხოვრობენ. ბუნება ულამაზესი, სანახავი კი ძალიან ბევრია.
სალაშქრო-სათავგადასავლო ბანაკი „პენკისი ქემფინგის“ სერვისებში შედის ცხენითა და ველოსიპედით სეირნობა, ჯირითის შემსწავლელი გაკვეთილები, საექსკურსიო და სალაშქრო ტურების მოწყობა. ბანაკი ულამაზესი მახვალას ჩანჩქერის დათვალიერების შესაძლებლობას გაძლევთ, დაგათვალიერებინებთ ტბათანას, ტურის ფარგლებში შეძლებთ მოუსმინოთ მუსიკას მშვიდ და უკაცრიელ გარემოში, გაათიოთ ღამე კარვებში, მოაწყოთ ლაშქრობები თუშეთის მიმართულებით...

ბანაკი ახალგაზრდა მეწარმე მანო ქავთარაძემ პანკისის ხეობაში ქისტ მეგობართან ბეგი ბორჩაშვილთან ერთად შექმნა. როგორც იდეის ავტორები knews-თან საუბრისას ამბობენ, ხეობას დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, თუმცა დღეს აუთვისებელია.

მანო ქავთარაძის თქმით, საქმიანობის ერთ-ერთი მთავარ მიზანი ქისტი და ქართველი ახალგაზრდების დამეგობრება და ხეობაში ტურიზმის განვითარებაა.
„პირველად რომ ჩამოვედი პანკისში, მეც რაღაც შიში მქონდა და ხეობაზე ყველაფერი უარყოფითი ვიცოდი. რეალურად განსხვავებული სიტუაცია დამხვდა. ასეთი სტუმართმოყვარე ხალხი კი არსად მინახავს. როდესაც პანკისში ჩავედი დასათვალიერებლად, ვნახე, რომ ძალიან ლამაზი ბუნებაა და ტურიზმის კუთხით არაფერია. მხოლოდ რამდენიმე საოჯახო სასტუმროა, სადაც ქართველები ნაკლებად შედიან და ძირითადად უცხოელები სტუმრობენთ. 10 დღით პანკისის მთებში ვიყავი ლაშქრობაში და რომ ვნახე ბუნება, გავიცანი ადგილობრივები, მომეწონა ყველაფერი. გადავწყვიტეთ შეგვექმნა სალაშქრო-სათავგადასავლო ბანაკი“,- განუცხადა KNEWS.GE-ს მანო ქავთარაძემ.

იდეის განხორციელებაში მეგობრებს USAID-ი დაეხმარა, პროექტის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში პანკისის ხეობისთვის დაფინანსება მოიპოვეს. შეიძინეს საძილე ტომრები, კარვები, ჰამაკები და სხვა ინვენტარი. საკუთარი ფულით იყიდეს მცირე სამზარეულო, ჭურჭელი, ტექნიკა და პატარა შენობა ააშენეს. ადგილობრივების დახმარებით მოაწყვეს მაგიდები და სკამები, ხისგან ააშენეს ადმინისტრაციული შენობა და კაფე.

Pankisi Camping-ს არსებული ინვენტარით ერთდროულად 45 ადამიანის მასპინძლობა შეუძლია. მისივე თქმით, ტერიტორიაზე მსურველებს ამავე დროს საკუთარი კარვით განთავსებაც შეუძლიათ.
ღამისთევა ღირს 10 ლარი, საუზმე და სადილი ღირს 10 ლარი, ვახშამი 15 ლარი.

„ყველაფერს ვაკეთებთ ნატურალური პროდუქტებით და ქართულ და ქისტურ ტრადიციულ კერძებს ვთავაზობთ მსურველებს.
Knews-თან ქავთარაძე ამბობს, რომ ახალგაზრდა სამომავლოდ ადგილზე სხვადასხვა სერვისის დამატებას გეგმავს. ის რესტორნისა და მცირე კოტეჯების აშენებასაც აპირებს.
www.travelingeorgia.ge