ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სტუმრად „სტამბაში“ – კახა კალაძე „აჭარა ჯგუფის” ახალი სასტუმრო ბრენდით კმაყოფილია
16 მაისი, 2018

კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, ახლადგასხსილი სასტუმრო „სტამბა“ დაათვალიერა.

თბილისის მერის განცხადებით, პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგან სასტუმრო თავისი დიზაინითა და შინაარსით, დედაქალაქში ერთ-ერთი საუკეთესოა.

"დედაქალაქში ბევრი კარგი სასტუმროა, თუმცა ასეთი გემოვნებით შექმნილი სასტუმრო ნამდვილად მისასალმებელია. ყველა პროექტი, რომელიც ამ ჯგუფის მიერაა განხორციელებული, წარმატებულია. ვისურვებდი, რომ მათ დედაქალაქში რაც შეიძლება ბევრი პროექტი განახორციელონ, რაშიც ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სასტუმრო „სტამბა“ კომპანია „აჭარა ჯგუფის“ ბრენდია. სასტუმრო კოსტავას ქუჩაზე, საბჭოთა ეპოქის გამომცემლობის შენობაშია განთავსებული. ამ ეტაპზე, სასტუმროში 600 ადამიანია დასაქმებული. მისი სრულყოფილად ამუშავების შემდეგ, დასაქმებულთა რაოდენობა 750-მდე გაიზრდება, სტუმრებს კი, 150 ნომერი მოემსახურება.

სასტუმროში არის კაფე „სტამბა“, სადაც სტუმრებს საშუალება აქვთ, ადგილობრივი ფერმერების აგროპროდუქტებისგან დამზადებული ქართული და ევროპული კერძები დააგემოვნონ. სასტუმროში ასევე, განთავსებულია კაზინო „ავიატორი“, შენობის თავზე მოწყობილია საცურაო აუზი გამჭვირვალე ფსკერით.

განახლებული შენობა თავის პირველად, ისტორიულ სახეს ინარჩუნებს. ისტორიული შენობის პირველადი ფასადის მსგავსად, შენარჩუნებულია სარემონტო სამუშაოების დროს აღმოჩენილი ძველი საბეჭდი დანადგარებიც.

სასტუმრო „სტამბა“ გამორჩეული ინტერიერით, Design Hotels-ის წევრი გახდა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.