საუკეთესო ქართველი სომელიეს სტატუსი თამაზ თამაზაშვილმა მოიპოვა. გამარჯვებული სომელიე 2019 წლის მარტში ბელგიაში გაემგზავრება და კონკურსში „მსოფლიოს საუკეთესო სომელიე“ იასპარეზებს.
კონკურსში, რომელიც სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა, 10 სომელიე მონაწილეობდა.
მონაწილეებს სომელიეს სტატუსი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ ოფიციალურად აქვთ მინიჭებული. 10 მონაწილედან ფინალში სამი სომელიე გადავიდა.
კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში ქართველი და უცხოელი ექსპერტები შედიოდნენ. კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი იყო.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, კონკურსის ჟიურის წევრი ლევან მეხუზლა მიიჩნევს, რომ სომელიეს პროფესია ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ღვინის მოხმარების კულტურის პოპულარიზაციის კუთხით.
კონკურსი „საქართველოს საუკეთესო სომელიე“ ქართული ღვინის დღეების „ღვინობისთვე-2018“ ფარგლებში გაიმართა.