დედაქალაქის პარკირების სისტემის მენეჯმენტს „სითი პარკის“ ნაცვლად თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს. თბილისის მერის თქმით, კომპანია მაქსიმალურად მობილიზებულია და მზად არის, პარკირების სისტემის მართვასთან დაკავშირებული ვალდებულებების სათანადოდ შესასრულებლად.
„ყველანაირი მზაობა არსებობს და კომპანია ტექნოლოგიურადაც შესაბამისად არის აღჭურვილი. პარკირების სისტემის მოსაწესრიგებლად და მიწისქვეშა პარკინგების მოსაწყობად მუშაობა უკვე დაწყებულია და ამ პრობლემას უახლოეს მომავლში მოვაგვარებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
.jpg)
მერის განცხადებით, პარკირების სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით მერიას აქვს კომპლექსური მიდგომები და მუშავდება კონკრეტული ხედვა, რომელიც უახლოეს მომავალში იქნება წარმოდგენილი. მისივე თქმით, ჯარიმების გამოწერის პროცესი უნდა იყოს არა კერძო სტრუქტურის, არამედ მუნიციპალური სამსახურის დაქვემდებარებაში.
გეგმებს, თუ როგორი იქნება პარკირების გადასახადი მომავალში - ეს იქნება ზონალური თუ საათობრივი, ამ ხედვას და კონცეფციას მერია საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენს.
„რაც შეეხება ჯარიმების გამოწერას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს მუნიციპალური სამსახურის დაქვემდებარებაში, რადგან ევროპული მაგალითებიც რომ ავიღოთ, წამყვან ქალაქებში არსად არის კერძო სტრუქტურა, ვინც აჯარიმებს მოქალაქეებს. დაჯარიმების ნაწილი მერიის სტრუქტურის დაქვემდებარებაში უნდა იყოს. ჯარიმები პირდაპირ არ უნდა იყოს მიბმული ბიზნესზე, როგორც იყო სითი პარკის შემთხვევაში”, - განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორის, მამუკა კობახიძის თქმით, პარკირების ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა უკვე დაწყებულია და ის სტანდარტების შესაბამისად 30 დღის ვადაში დასრულდება.
„თბილისის პარკინგში“ მუშაობას „სითი პარკის“ 102 თანამშრომელი გააგრძელებს. აქედან 76 არის კონტროლიორ-ინსპექტორი, რომელიც ჩაერთვება თბილისის პარკირების ნაწილში. ასევე არიან ევაკუატორის მძღოლები და მათი დამხმარეები. პარკირების ბარათების ღირებულება და ვადები არ შეიცვლება.
პარკირების ბარათების შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც პარკირების ახალი ვებ-გვერდის, ასევე სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.
www.travelingeorgia.ge