„სითი პარკში“ თბილისის მერის ბრალდებებს არარგუმენტირებუკლს უწოდებს და მიაჩნიათ, რომ გამოთქმული ბრალდებები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ამასთან, მერიის გადაწყვეტილებას უკანონოსა და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.
როგორც „სითი პარკში“ განმარტავენ, გასათვალისიწნებელია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, თბილისის მერიას კომპანიისთვის პირგასამტეხლოს გადახდას ავალდებულებს. საუბარია 25 მილიონ ლარზე.
მოსთხოვს თუ არა პირგასამტეხლოს გადახდას კომპანია დედაქალაქის მთავრობას მიღებული გადაწყვეტილების გამო, „სითი პარკის“ იურისტი ნანუკა ავალიანი განმარტავს: „მნიშვნელოვანია, რომ კონტრაქტის შეწყვეტის პირგასამტეხლოს კალკულაციის ფორმულა თავად კონტრაქტის ნაწილია. ამასთან, პირგასამტეხლოს ოდენობა ისაზღვრება სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით და არ არის წინასწარ განსაზღვრული დადგენილი ოდენობა.
ხელშეკრულების გაწყვეტით ბიზნესკომპანიის ინტერესები დაზარალდა. კომპანია საკუთარი უფლებების დაცვას საერთაშორისო დონეზე გეგმავს, შესაბამისად, საჯარიმო თანხის კონკრეტულ რაოდენობას სასამართლო გადაწყვეტს”.
თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გადაწყვეტილება ძალაში 2018 წლის 10 აპრილიდან შევა. მისივე გადაწყვეტილებით, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.