დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური და შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“ საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე არსებულ თარგებში, 3975 კვადრატულ მეტრ ფართობზე 800-მდე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეს დარგავს.
სამუშაოები, რომელიც პირველ ეტაპზე მოიცავს რუსთაველის გამზირს, 26 მაისამდე უნდა დასრულდეს. მოწესრიგდა უკვე გამწვანებული თარგების ნაწილი, სადაც შეიცვალა მწვანე საფარი და აღდგა სარწყავი სისტემა.
სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად, რუსთაველის გამზირის გასამწვანებლად შეირჩა სხვადასხვა მცენარეები, მათ შორის, ფოტინია, წყავი, წვრილფოთოლა ბზა, მარადმწვანე ბზა, ზეთისხილი, ევროპული ჭყორი, უთხოვარი, ლეილანდის კუპრესოციპარისი, კოწახური და ღვია.
დედაქალაქის ცენტრალული გამზირის მოწესრიგება და გამწვანება უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში რუსთაველის გამზირზე გაისხლა ხეები და მოწესრიგდა მწვანე თარგები, გამოიცვალა 1500 კვადრატული მეტრი მწვანე საფარი, მოეწყო სარწყავი სისტემები, დაირგო 11 000 ძირზე მეტი დეკორატიული მცენარე, შეკეთდა შადრევნები და დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები.
www.travelingeorgia.ge