ვანის მუნიციპალიტეტში მდებარე ვანის ნაქალაქარს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. დასახლება ვანში უწყვეტად არსებობდა 8 საუკუნის განმავლობაში - ძვ.წ. VIII-I სს. დასახლების ისტორიაში ოთხი პერიოდი გამოიყოფა.
ძველი ვანის ისტორიის უადრესი ეტაპი ძვ.წ. VIII- VII სს. თარიღდება. ამ დროს ვანის ნაქალაქარი მის შემოგარენში არსებული სამოსახლოების საკულტო-რელიგიური ცენტრი უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს, ამ ხანის ძეგლები სამშენებლო საქმიანობამ დააზიანა.
უკეთაა შემორჩენილი საკულტო კომპლექსი ნაქალაქარის ცენტრალურ ტერასაზე, რომლისგანაც შემორჩა დიდძალი ნაცრის, ხის ნაგებობების თიხის შელესილობის, თიხის ჭურჭლისა და მცირე ზომის საკურთხევლების ფრაგმენტების, ტერაკოტული ქანდაკებების შემცველი მძლავრი ფენა. ნაცრის არსებობა კულტში ცეცხლის მონაწილეობას ადასტურებს. თიხის ჭურჭელში გამოირჩევა კოლხური კერამიკისათვის უჩვეულო კანთაროსისებური და კალათოსისებური ფორმები (ეს მაშინ, როცა ბერძნული იმპორტი ჯერ არ დასტურდება). ტერაკოტულ ქანდაკებებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ფანტასტიკურ არსებათა ფიგურები - ოთხფეხა არსებები თავით (ან თავებით) ტანის ორივე ბოლოში.

ეს ორპროტომიანი გამოსახულებები კანთაროსისა და კალათოსის ტიპის ჭურჭელთან ერთად მიჩნეულია უადრესი, კოლონიზაციამდელი ხანის ბერძნულ-კოლხური კონტაქტების ანარეკლად.
მეორე ეტაპზე, რომელიც ძვ.წ. VI-IV სს. პირველი ნახევრით თარიღდება, ძველი ვანი კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრი უნდა ყოფილიყო. ამ პერიოდს მიეკუთვნება ხის ნაგებობები, რიტუალური მოედანი, კლდეში ნაკვეთი კომპლექსი, მდიდრული სამარხები და სხვა ძეგლები, აგრეთვე კულტურული ფენები, უხვად დახუნძლული მასალით. ამ პერიოდის მონაპოვარში გამორჩეული ადგილი კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშებს უკავია. ვანის აღმოჩენებით ბერძენ-რომაელ ავტორთა ცნობებს აღსანიშნავია, რომ კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშებს არც რაოდენობრივად და არც ხარისხით დიდად არ ჩამოუვარდება ვერცხლის ადგილობრივი ნაკეთობანი. ამით დადასტურდა ანტიკური ხანის ავტორების (მაგ. სტრაბონის ცნობა) კოლხეთის სიმდიდრის შესახებ ვერცხლითაც.
ვანის ნაქალაქარის ისტორიის შემდგომ ეტაპზე - ძვ.წ. IV ს. მეორე ნახევარი-III ს. დასაწყისი - კოლხეთის სამეფოს დასუსტების პირობებში, ვანის მხარის მმართველებმა გარკვეულ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას მიაღწიეს. ამ პერიოდის კუთვნილია მდიდრული სამარხების სერია, სამლოცველოები, გამართული სამარხების ჯგუფებთან და მათთანვე დაკავშირებული რკინისა და ბრინჯაოს ფიგურები, საგანგებოდ რიტუალური დაკრძალვისთვის დამზადებული. აღინიშნება მთელი წყება სიახლეებისა ხელოსნური წარმოების სხვადასხვა დარგებში, დაკრძალვის წესებში. მაგალითად, სიახლეა ამფორებისა და კრამიტების წარმოების დაწყება; დაკრძალვის წესში კი სიახლეა მიცვალებულისათვის მონეტისა და ამფორების ჩატანება, გრძელდება გარდაცვლილებისათვის ადამიანებისა და ცხოველების შეწირვის წესი.
მეოთხე ეტაპზე, რომელიც ძვ.წ. III ს. მეორე ნახევრითა და I ს. შუახანებით განისაზღვრება, ძირეული ცვლილებები შეინიშნება - წყდება საზოგადოების ზედა ფენის წარმომადგენლების დაკრძალვა ქალაქის ფარგლებში და დასახლება იცვლის ფუნქციას - ხდება სატაძრო ქალაქი. ამ მოსაზრების გამოთქმის საფუძველი იმ გარემოებამ შექმნა, რომ ყველა ამდროინდელი ნაგებობა საკულტო დანიშნულებისაა - ზედ კარიბჭეზე მიშენებული სამლოცველოდან დაწყებული ბორცვის წვერზე გამართული საკურთხევლით დამთავრებული. ეს საკულტო ცენტრი სტრაბონის ,,გეოგრაფია“-ში მოხსენიებულ ლევკოთეას სამლოცველოსთან არის გაიგივებული. ამ ეტაპის კუთვნილი არქეოლოგიური მასალის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია ბრინჯაოს კოლექცია, წარმოდგენილი სხვადასხვა ზომის ქანდაკებების ფრაგმენტებით, რომელთა შორისაა ნატურალური ზომის ნიმუშებთან ერთად, ნატურალურზე დიდი ზომის და აგრეთვე მცირე.
ძველი ვანი ძვ.წ. I ს. შუახანებშია დანგრეული, თუმცა ის საბოლოოდ მიტოვებული არ ჩანს: აღმოჩენილია გვიანანტიკური ხანის და შუასაუკუნეების მასალებიც.
www.travelingeorgia.ge