ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გიორგი სიგუა: „თანხები, რომელიც სახელმწიფომ დახარჯა „ჯემ ფესტის“ დასახმარებლად, ჩვენს ხელში არ მოხვედრილა“
16 სექტემბერი, 2017

ელექტრონული მუსიკალური ფესტივალის ,ჯემ ფესტის დამფუძნებლის, გიორგი სიგუას ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გამოძიების ფარგლებში კომპანიიდან ამოღებული დოკუმენტაცია და ტექნიკა ამ დრომდე არ დაუბრუნებია. მისივე განცხადებით, ყადაღა არც კომპანიის ფინანსურ ანგარიშებს მოხსნია.

როგორც სიგუამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ისევ მიმდინარეობს მისი კომპანიის თანამშრომლების გამოკითხვა.

„ამ დროისთვის დადგინდა ის, რომ ის თანხები, რომელიც სახელმწიფომ დახარჯა „ჯემ ფესტის“ დასახმარებლად, ჩვენს ხელში არ მოხვედრილა. მათ არ გადმოურიცხავთ და ჩვენ მასზე წვდომა არ გვქონია - დაიხარჯა გარკვეული თანხები სხვადასხვა სტრუქტურიდან, ეს იყო ზოგიერთი არტისტის ჰონორარი, ნაწილობრივ ინფრასტრუქტურული სამუშაოებისა და დაცვის ხარჯები. გარკვეულია, რომ ჩვენ ერთი თეთრიც არ ჩაგვრიცხვია სახელმწიფოსგან. სულ იყო, დაახლოებით, 500 არტისტი და აქედან 120 არტისტის ჰონორარი გადაიხადა სახელმწიფომ, ანუ მეოთხედის თანხები დაფარეს. 

რაც შეეხება გამოძიებას, ისევ მიმდინარეობს; წაღებულია ჩვენი ტექნიკა და დოკუმენტაცია, დაყადაღებულია ჩვენი ანგარიშები და არც ვიცით, როდის მოეხსნება ამ ყველაფერს ყადაღა. ყველაფერს სწავლობენ, ყველა გადარიცხვას და არც ვიცით, როდის დასრულდება პროცესი“, - განაცხადა სიგუამ.
მისივე ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში 100-ზე მეტი ადამიანია გამოკითხული.

„ჩვენი ბუღალტრები და ფინანსური მენეჯერები ყოველდღე დადიან საგამოძიებო სამსახურში. ისიც მინდა გითხრათ, რომ ზუსტად 15 აგვისტოს შემოვიდნენ შესამოწმებლად, მაშინ, როდესაც არ იყო დეკლარაციების შევსება დასრულებული და ახლა აკეთებს დეკლარაციებს ჩვენი ბუღალტერი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. როგორც იცით, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, 15 რიცხვია გადასახადების გადახდის რიცხვი და შესაბამისად, ეს დეკლარაციები გაკეთებული არ იყო“, - განაცხადა სიგუამ.

როგორც „ჯემ ფესტის“ დამფუძნებელი აცხადებს, იმის მიუხედავად, ნაწილობრივ დააფინანსებს თუ არა სახელმწიფო ფესტივალს, ის მომავალ წელს მაინც ჩატარდება. 

„ჯემ ფესტი“ არ შექმნილა სახელმწიფოს დაფინანსებით. 2015 წელს, „ჯემ ფესტი“ მთლიანად კერძო ინვესტიციით და დაფინანსებით შეიქმნა და ჩატარდა. 2016 წელს, სახელმწიფოს თანადაფინანსება იყო რაღაც ნაწილში ისევე, როგორც 2017 წელს. ეს იყო დაახლოებით მეოთხედი ან მეხუთედი მთლიანი ხარჯების. თუ სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ „ჯემ ფესტს“ არ უნდა დაეხმაროს, ეს მისი გადასაწყვეტია, ისევე, როგორც მისი მხრიდან დაფინანსების საკითხი. ჩვენ „ჯემ ფესტის“ დასრულებას და მოკვლას არ ვაპირებთ. გაგრძელდება ეს ფესტივალი იმის მიუხედავად, დააფინანსებს თუ არა მას სახელმწიფო. 

მთლიანად ის, რაც წლის განმავლობაში და 32-დღიანი, 500-არტისტიანი, 8 სცენიანი ფესტივალის ჩასატარებლად დაიხარჯა, დათვლილია და დაახლოებით, 10 მილიონი ლარია, საიდანაც თანხების დიდი ნაწილი ჩვენს მიერ არის მოზიდული სპონსორებისგან, ბილეთების გაყიდვიდან, ტერიტორიის გაიჯარებისგან და ა.შ. ამავე თანხაში შედის სახელმწიფოს წილიც“, - უთხრა სიგუამ „ინტერპრესნიუსს“.

მისივე განცხადებით, „ბლექ სი არენას“ წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებით, 31 ოქტომბრამდე არენაზე ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, შესაძლოა, ეს ღონისძიება ვეღარ ჩატარდეს. 

„თუ ეს ხელისშემშლელი ფაქტორები არ მოგვშორდება, „ბლექსი არენაზე“ ღონისძიება ვერ ჩატარდება“, - განაცხადა სიგუამ.

ipn.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.