ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
სემეკი საოჯახო სასტუმროებს წყლის გადასახადის ორ ალტერნატივას სთავაზობს
07 თებერვალი, 2019

“სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების” შესახებ დადგენილებაში ცვლილებები შედის. 

პროექტით საოჯახო სასტუმროს მფლობელისთვის გათვალისწინებულია მოხმარებული სასმელი წყლის საფასურის დარიცხვის ორი ალტერნატივა, რომელთა შორისაც მომხმარებელი თავად გააკეთებს არჩევანს. 

პირველი მეთოდი ითვალისწინებს სასმელი წყლის მოხმარების აღრიცხვას მთელს ობიექტზე ერთობლივად, რა შემთხვევაშიც, მომხმარებელს არასაყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული სასმელი წყლის მხოლოდ იმ ოდენობაზე, რაც აღემატება თვის განმავლობაში 20 მ3-ს, ე.ი. 20 მ3 და უფრო ნაკლები სასმელი წყლის ოდენობაზე, მომხმარებელი საფასურს გადაიხდის საყოფაცხოვრებო ტარიფით. 20 მ3 მიღებულია სამშენებლო ნორმებისა და წესებით განსაზღვრული, იმ საცხოვრებელი სახლებისათვის დადგენილი ნორმის გათვალისწინებით, რომელთაც აქვთ ცენტრალური გათბობა გაზზე და აღჭურვილია ხელსაბანებით, სამრეცხაოთი და დუშებით. 

მეორე მეთოდი ითვალისწინებს მომხმარებლის ობიექტზე საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მოხმარების განცალკევებულ აღრიცხვას. ამ მეთოდის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ობიექტზე მკვეთრად არის გამიჯნული საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მიზნით გამოყენებული ფართები. 

ამ მეორე მეთოდის მიხედვით, მოხმარებული სასმელი წყლის საფასური არასაყოფაცხოვრებო ტარიფით დაერიცხება მხოლოდ არასაყოფაცხოვრებო მიზნით გამოყენებულ ნაწილზე აღრიცხულ ოდენობას. ანგარიშსწორება მოხდება ლიცენზიატისა და მომხმარებლის საკუთრების საბალანსო გაყოფის წერტილში დამონტაჟებული მრიცხველით აღრიცხულ ოდენობაზე, ხოლო საანგარიშსწორებო მრიცხველსა და ქვე-მრიცხველებზე (რომლებიც დამონტაჟდება ობიექტის გამიჯნულ ფართებზე) აღრიცხულ მოცულობათა ჯამს შორის დანაკარგით გამოწვეული სხვაობა გადანაწილდება პროპორციულად. 

პროექტის მიხედვით, საოჯახო სასტუმროს მფლობელ მომხმარებელზე უნდა გავრცელდეს საყოფაცხოვრებო მომხმარებელზე დადგენილი მოთხოვნები, ზემოხსენებული თავისებურებების გათვალისწინებით. 

დადგენილების პროექტზე მოსაზრებების წარდგენის ბოლო ვადა 2019 წლის 15 თებერვალია, ხოლო დადგენილების გამოცემის ბოლო ვადად 2019 წლის 26 აპრილი განისაზღვრა.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.