თელავში, რუსთაველის ქუჩა #4-ში ორსართულიანი სახლი დგას. სახლი გამორჩეულია იმით, რომ მის პირველ სართულზე რესტორანია განთავსებული. როგორც აღმოჩნდა, mala’s garden-ი ორმა მეგობარმა დააფუძნა და დროთა განმავლობაში სახლის ორივე სართული, როგორც კვების ობიექტი ათვისებული იქნება.
2016 წელს დაფუძნებულ რესტორანში ოჯახური გარემოა და მისი თანამშრომლები სხვადასხვა სახის ფუნქციებს ითავსებენ. რესტორანს სახელწოდება მისი დამფუძნებლის გოგიტა მაჭავარიანის ზედმეტსახელიდან გამომდინარე დაერქვა.

mala’s garden-ის მენეჯერი და ამასთანავე მზარეული ნანა თოიძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ რესტორანი სრული დატვირთვით ზაფხულში მუშაობს, რადგან მისი ეზო ბიზნესის განვითარებაში დიდ როლს ასრულებს.
თოიძის თქმითვე, რეგიონში სარესტორნო ბიზნესის განვითარება აუცილებელია.
„ამ ეტაპზე ჩვენი რესტორანი თავის თავს ინახავს, თუმცა მგონია, რომ წელს ზაფხულში მოგებაზე გავალთ“, - განაცხადა მენეჯერმა.
ნანა თოიძე ჩვენთან საუბრისას კონკურენციასაც განიხილავს და აღნიშნავს, რომ კახეთში სარესტორნო ბიზნესის თვალსაზრისით კონკურენცია საკმაოდ დიდია. თუმცა, მათთან ტრადიციულისგან გამორჩეული გარემოა, ხოლო სივრცეში მისულ სტუმარს ქართულ და ევროპულ სამზარეულოს სთავაზობენ.
როგორც mala’s garden-ის მენეჯერი აცხადებს, სახელმწიფოსგან დახმარებას არ ელოდებიან, თუმცა მეორე სართულის გასაკეთებლად გარკვეულ სახელმწიფო პროგრამაში მიიღებდნენ მონაწილეობას.

თოიძე მიიჩნევს, რომ სარესტორნო ბიზნესში მომსახურეობისა და საკვების ხარისხი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და თუ ეს ორი მიმართულება განვითარებული არ არის ბიზნესის წარმართვა რთულია.
„ჩვენ ყველანაირ პროდუქციას ადგილობრივი მწარმოებლებისგან ვიძენთ და ზუსტად ვიცით მას რა შემცველობა აქვს. ბოლო პერიოდში ხორცთან და რძის პროდუქციასთან დაკავშირებით განსაკუთრებით მწვავედ საუბრობენ. ჩვენ ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ“, - განმარტა ნანა თოიძემ.
მენეჯერის აზრით, ქვეყანაში მოქალაქეების მხრიდან სამსახურის მიმართ მიდგომა უნდა შეიცვალოს და ბაზარმა მეტი პროფესიონალი კადრი უნდა გამოუშვას.
„მუშაობა ეზარებათ, ჩვენ გასაუბრებაზე ბევრი კადრი ვნახეთ, ვინც ეს პირდაპირ აღიარა. რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის ეს პრობლემაა. პროფესიონალი და მონდომებული კადრების მოძიება ურთულესი პროცესია“, - აღნიშნა თოიძემ.

ავტორი: ლიკა გურაბანიძე
commersant.ge