სახალხო დამცველი დაბა ბაკურიანსა და სოფელ მიტარბში მიწების გასხვისების შეჩერებას ითხოვს
სახალხო დამცველი ბორჯომის გამგეობის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე, დაბა ბაკურიანსა და მიტარბში მიწების გასხვისების შეჩერებას ითხოვს.
როგორც სახალხო დამცველის აპარატში განმარტავენ. დაბა ბაკურიანისა და სოფელ დიდი მიტარბის მოსახლეობის ნაწილს აქვს მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც მათ აღნიშნულ ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერ საფუძველს აძლევს.
ომბუდსმენის ცნობით, მოსახლეობა მიწების დაკანონებას მიმდინარე გამოძიების გამო ვერ ახერხებს.
სახალხო დამცველი მიმართავს პრემიერ-მინისტრს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს და ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები დაბა ბაკურიანსა და სოფელ დიდი მიტარბის ტერიტორიაზე, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დასრულებამდე არ გასხვისდეს.
„გასათვალისწინებელია, რომ ამჟამად, ბორჯომისა და დიდი მიტარბის ტერიტორიაზე სახელმწიფო მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს განკარგავს. შედეგად, მოსახლეობის უმეტესობა, რომლებიც წლების განმავლობაში ფაქტობრივად ფლობენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, აქვთ შესაბამისი დოკუმენტები და ვერ ახდენენ მათზე საკუთრების რეგისტრაციას, საკუთრების უფლების შელახვის რეალური საფრთხის წინაშე დგანან“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
commersant.ge