სასტუმრო Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace -ში კადრების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს. ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანიაში განუცხადეს. მათი განმარტებით, „სტაფის“ ძირითადი ნაწილის სამსახურში აყვანა უკვე მოხდა, თუმცა, გასაუბრებები დღემდე მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი არაბული „რაკია“ სასტუმრო „შერატონის“ რეკონსტურქციას ახორციელებს. რაც შეეხება სასტუმროს გახსნის თარიღს, კომპანიაში დაზუსტებით ამაზე ვერ საუბრობენ, თუმცა, აცხადებენ, რომ 2019 წლის გაზაფხულზე სასტუმრო ყველა შემთხვევაში გაიხსნება.

კითხვაზე, რატომ გაჭიანურდა სამუშაოები, სასტუმრო „შერატონის“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გასათვალისწინებელი იყო ძალიან ბევრი დეტალი.
„გვინდა, გაიხსნას მაშინ, როდესაც იქნება მაქსიმალურად დახვეწილი და ბოლომდე დასრულებული. არ გვსურდა, რომ ყოფილიყო ნაწილობრივი გახსნა, რომელიც ხშირ შემთხვევაშიც ხდება ხოლმე. ჩვენი მიდგომაა ისეთი, რომ ნებისმიერ სივრცეში აბსოლუტური მზაობა იყოს. აქ საუბარია ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეხვედრების სივრცეზე, 2-3-ჯერ გადიდებულ და განახლებულ სპაზე, გარმაგებულ ოთახების რაოდენობაზე“-აღნიშნავენ კომპანიაში.
საქართველოში პირველი მაღალი კლასის სასტუმრო „შერატონის რეკონსტრუქცია, 2014 წლის დეკემბრიდან დაიწყო. რეკონსტრუქციის პროცესი 2016 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი არაბული „რაკია“ სასტუმრო „შერატონის“ რეკონსტრუქციის დასრულებას 2018 წლის მიმდინარე წლის სექტემბერში გეგმავდა. შემდეგ თარიღმა 2018 წლის ბოლომდე გადაიწია. რამდენიმე თვის წინ სასტუმროს გახსნის თარიღად მარტი დასახელდა.

მასშტაბური რეკონსტრუქციის შემდეგ „შერატონი რადიკალურად ტრანსფორმირდება. სასტუმროს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი და კეთილმოწყობილი ფიტნეს და სპა სივრცეები, ახალი რესტორნები, ბარები და ლაუნჯები დაემატება. სტუმრებისთვის განკუთვნილი ოთახების სრული რეკონსტრუქცია მოხდება და სასტუმროს გახსნის შემდეგ მომხმარებლები 220 ფეშენებელური საკლუბო და ლუქსის ტიპის ნომრით სარგებლობას შეძლებენ. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 45 მილიონი დოლარზე მეტია.