ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„საქართველოში ტურიზმის სფეროში გენერალური მენეჯერის შრომის ანაზღაურება თვეში მინიმუმ 10 000 დოლარია„ – საქართველოში ტურიზმის პირველი უმაღლესი სასწავლებელის Vatel-ის დამფუძნებელი
01 თებერვალი, 2019

„საქართველოში ტურიზმის სფეროში გენერალური მენეჯერის შრომის ანაზღაურება თვეში მინიმუმ  10 000 -15 000 დოლარს შეადგენს. ქართველი მენეჯერი უფრო იაფი დაჯდება, გამომდინარე იქიდან, რომ მის საცოვრებელ ფართში მაგალითად კომპანია ფულს აღარ დახარჯავს. მიუხედავად ამისა, პოზიცია მაინც საკმაოდ მაღალანაზღაურებადია“- ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „ბლოკ  ინვესტის“  აღმასრულებელმა  დირექტორმა  თორნიკე ჯანაშვილმა განუცხადა, რომელიც ასევე   საქართველოში ტურიზმის პირველი უმაღლესი სასწავლებელი Vatel-ის დამფუძნების პროექტს ახორციელებს.                    

მისი განმარტებით, მხოლოდ საქართველოში, უახლოეს მომავალში საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების  დაახლოებით 2 000  ნომერი  იფუნქციონირებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ასეულობით მენეჯერის პოზიცია  იქნება მოთხოვნადი.

„ძალიან ბევრი მსოფლიო ბრენდის სასტუმრო გველაპარაკება კადრებით უზრუნველყოფაზე. სტუდენტებზე ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება როგორც საქართველოში, ისე  რეგიონში. ტურიზმის სფერო მსოფლიო მასშტაბითაც ვითარდება. დუბაიზე და ემირატებზე უკვე აღარ მაქვს საუბარი. საუდის არაბეთიც კი ცდილობს ტურიზმის განვითარებას. შესაბამისად, მოთხოვნა ევროპელ მენეჯერებზეა, თუმცა, პროფესიონალების ნაკლელობა აქაც შეინიშნება.  მაგალითად, საფრანგეთში, წელიწადში 30 000 სამუშაო ადგილის მოთხოვნა აქვთ ტურიზმის სფეროში,“— აღნიშნავს ჯანაშვილი.

კითხვაზე, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ჯერ არ არის ტურიზმის უმაღლესი სასწავლებელი და ამ სფეროში მენეჯერების სიმცირეა, როგორ ხდება აქ არსებულ მსოფლიო ბრენდებში დასაქმება, ჯანაშვილი განმარტავს: სწორედ ამის გამო, საქართველოში თითქმის ყველა ბრენდეული სასტუმროს გენერალური მენეჯერი უცხოელია.  ადგილობრივი კადრი შედარებით დაბალ პოზიციებზე საქმდება. მათაც სპეციალური განათლება არ აქვთ და მხოლოდ იმით ვაფასებთ, რომ აქვთ გამოცდილება,“— აღნიშნავს ჯანაშვილი.

როგორც ცნობილია, საქართველოში ტურიზმის პირველი უმაღლესი სასწავლებელი Vatel-ი  პირველი სტუდენტების მიღებას 2020 წლიდან გეგმავს. როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ბლოკ  ინვესტის“  აღმასრულებელი დირექტორი  თორნიკე ჯანაშვილი „კომერსანტთან“  საუბრისას აცხადებს, დაგეგმილი იყო სტუდენტების 2018 წლის თებერვალში მიღება, შემდეგ, 2018 წლის ბოლოს,  თუმცა, ტექნიკური მიზეზების გამო პროცესი გადაიდო.

უნივერსიტეტის პრეზენტაცია 2017 წლის  29 მაისს გაიმართა. ტურიზმის პირველი უმაღლესი სასწავლებელი Vatel-ი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) შენობაში განთავსდა. მაშინ  სტუდენტების მიღება მიმდინარე წლის სექტემბერში დაანონსდა. პროექტს „ბლოკ ინვესტი„  და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) ერთობლივად ახორციელებენ.

მაშინ ჯანაშვილი აცხადებდა, რომ Vatel-ი სტუდენტებს  წელიწადში სამჯერ მიიღებდა. კერძოდ, სექტემბერში, ნოემბერში და თებერვალში. ეს იქნება ბაკალავრიატი და მაგისტრატურა, ასევე დაგეგმილია პროფესიული ტრეინინგები. დიპლომები კი საფრანგეთიდან გაიცემა. პირველ ეტაპზე დაგეგმილია ბაკალავრიატის 50 სტუდენტის მიღება. სწავლება 3-წლიანი იქნება.

როგორც ცნობილია, ტურიზმის მართვის სექტორში მსოფლიოში ყველაზე დიდ ფრანგულ უნივერსიტეტ Vatel-თან კონტრაქტი 2017 წლის  გაფორმდა, რომლის მიხედვით „ბლოკ ინვესტს“  და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს (სეუ) საქართველოსა და სომხეთზე ექსკლუზიური უფლება მიენიჭა.  მაშინ ჯანაშვილი აცხადებდა, რომ Vatel-ი აღიარებულია მსოფლიოს ყველა დიდი სასტუმროების ქსელის მიერ და ის გასული წლის ნოემბერში მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტად აღიარეს.

თორნიკე ჯანაშვილის განცხადებითვე, უნივერსიტეტში სწავლის საფასური ყველასთვის ხელმისაწვდომი, სავარაუდოდ,წელიწადში  5 ათასი დოლარი იქნება.„თუმცა,ვცდილობთ, ქართველებისთვის სწავლის საფასური შედარებით იაფი, უცხოელებისთვის კი შედარებით ძვირი იყოს. რადგან ჩვენ გარანტირებულად ვასაქმებთ, ვმუშაობთ ფინანსურ  ინსტიტუტებთან, რომ მათ დაფინანსების პროგრამებიც შევთავაზოთ.სტუდენტი ყველა ვარიანტში დასაქმებულია და პირველივე წელს, მინიმალური ხელფასი, თვეში  დაახლოებით 3 000 ევროა “-აღნიშნავს ჯანაშვილი.

პროექტში  მთლიანობაში 1,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

Vatel-ის პირველი სკოლა 1981 წელს გაიხსნა პარიზში.პირველი 10 წელიწადი უნივერსიტეტი საფრანგეთში ვითარდებოდა 1984 წელს კამპუსი გაიხსნა ლიონში, 1989 წელს ნიმესში, 1994 წელს ბორდოში. დღეისათვის Vatel GROUP-ს 35 კამპუსი აქვს მთელს მსოფლიოში. VATEK-ი სტუმართმასპინძლობისა და ტურიზმის მენეჯმენტში მსოფლიოს ნომერ პირველი სკოლაა.

www.commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.