ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველოში ტურიზმის პირველი უმაღლესი სასწავლებელი Vatel-ი სტუდენტების მისაღებად ემზადება
29 სექტემბერი, 2017

საქართველოში ტურიზმის პირველი უმაღლესი სასწავლებელი Vatel-ი  პირველ სტუდენტებს სავარაუდოდ, მომავალი წლის თებერვალში მიიღებს. როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ბლოკ ჯორჯია ჯგუფის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თორნიკე ჯანაშვილი „კომერსანტთან საუბრისას აცხადებს, ამ დროისთვის უმაღლესი სასწავლებელი Vatel-ი  განათლების სამინისტროში ავტორიზაციას გადის.

როგორც ცნობილია, უნივერსიტეტის პრეზენტაცია მიმდინარე წლის  29 მაისს გაიმართა. ტურიზმის პირველი უმაღლესი სასწავლებელი Vatel-ი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) შენობაში განთავსდება. მაშინ  სტუდენტების მიღება მიმდინარე წლის სექტემბერში დაანონსდა. პროექტს ბლოკ ჯორჯია და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) ერთობლივად ახორციელებენ.

 ჯანაშვილის ინფორმაციით, Vatel-ი სტუდენტებს  წელიწადში სამჯერ მიიღებს. კერძოდ, სექტემბერში, ნოემბერში და თებერვალში.

მისი თქმით, ეს იქნება ბაკალავრიატი და მაგისტრატურა, ასევე დაგეგმილია პროფესიული ტრეინინგები. უნივერსიტეტში უცხოელი ლექტორები იქნებიან. დიპლომები კი საფრანგეთიდან გაიცემა. პირველ ეტაპზე დაგეგმილია ბაკალავრიატის 50 სტუდენტის მიღება.

როგორც ცნობილია, ტურიზმის მართვის სექტორში მსოფლიოში ყველაზე დიდ ფრანგულ უნივერსიტეტ Vatel-თან კონტრაქტი იანვარში გაფორმდა, რომლის მიხედვით „ბლოკ ჯორჯია ჯგუფს  და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს (სეუ) საქართველოსა და სომხეთზე ექსკლუზიური უფლება მიენიჭა.  მაშინ ჯანაშვილი აცხადებდა, რომ Vatel-ი აღიარებულია მსოფლიოს ყველა დიდი სასტუმროების ქსელის მიერ და ის გასული წლის ნოემბერში მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტად აღიარეს.

„ბლოკ ჯორჯია ჯგუფის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე განმარტავდა, რომ დღეს ბაზარზე ტურიზმის სპეციალისტებზე დიდი მოთხოვნაა, ვითარდება სექტორი, თუმცა სერვისის დონე ჯერ კიდევ დაბალია და ვერ მიჰყვება განვითარებას. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ამ მიმართულებაში ინვესტიციის ჩადება.

თორნიკე ჯანაშვილის განცხადებითვე, უნივერსიტეტში სწავლის საფასური ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება და სავარაუდოდ, ეს იქნება 5 ათასი დოლარი წელიწადში. პროექტში კი მთლიანობაში 1,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

Vatel-ის პირველი სკოლა 1981 წელს გაიხსნა პარიზში.პირველი 10 წელიწადი უნივერსიტეტი საფრანგეთში ვითარდებოდა 1984 წელს კამპუსი გაიხსნა ლიონში, 1989 წელს ნიმესში, 1994 წელს ბორდოში. დღეისათვის Vatel GROUP-ს 35 კამპუსი აქვს მთელს მსოფლიოში. Vatel-ი სტუმართმასპინძლობისა და ტურიზმის მენეჯმენტში მსოფლიოს ნომერ პირველი სკოლაა.

ავტორი: სოფო ქსოვრელი

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.