“საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს, ადგილობრივები, ხშირად არასწორ ინფორმაციას აწვდიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ქართულ ღვინოს ეხება”. ამის შესახებ გადაცემა „საქმიან დილაში“ თინა კეზელმა, ასოციაცია „ქართული ღვინის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა.
„საქართველო ღვინის სამშობლოა და ჩვენთან ღვინის შესახებ ინფორმაციას ყველა ფლობს, თუმცა ხშირად ეს ინფორმაცია არაა დაზუსტებული, სრული და ეს ყველაფერი ხდება არაპროფესიონალურად. ინფორმაციის სიმწირეც პრობლემაა და არის გამოგონილი ისტორიებიც, ამიტომ გვინდა, რომ ეს ყველაფერი დაზუსტდეს, გამყარდეს და ტურისტებს მივაწოდოთ სრულყოფილი, სწორი ინფორმაცია, როგორც ქართული ღვინის, ასევე ვაზის ჯიშებისა და ტექნოლოგიების შესახებ “ – აღნიშნა თინა კეზელმა.
სწორედ ინფორმაციის გამყარებაა ერთ-ერთი მიზეზი 2019 წლის გაზაფხულზე, იაპონიაში ჩანიშნული პროექტის, სახელად – „საქართველო – ღვინის სამშობლო“. კეზელის თქმით, იაპონია უდიდესი გავლენის მქონე ქვეყანაა მსოფლიოში და განსაკუთრებით აზიაში, ამიტომაც პროექტის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ უნდა გაიზარდოს ინტერესი და მოთხოვნა იაპონიაში ქართული ღვინისა და ქვეყნის მიმართ.
„იაპონიის შემდეგ, მსგავსი პროექტის განხორციელება იგეგმება ჩინეთსა და კორეაში, ასევე დაინტერესებაა აშშ-დან და კანადიდან. რაც შეეხება ევროპას, ტრადიციული ღვინის მწარმოებელი კონტინენტია, სადაც თითქმის ყველა ქვეყანაში უნიკალური, უგემრიელესი და მრავალფეროვანი ღვინო იწარმოება და ძალიან რთულია კონკურენციის გაწევა ბაზარზე“ – განაცხადა თინა კეზელმა.
ინფორმაციისთვის, ქართული ღვინის ისტორიისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია 2019 წლის 10 მარტს გაიხსნება და 7 მაისამდე გაგრძელდება. იაპონელი პარტნიორების მნიშვნელოვანი კონტრიბუცია პროექტში უახლესი ტექნოლოგიის, „Warpqsuare”-ის გამოყენებით, უძველესი ქართული კულტურისა და ღვინის ისტორიის გაცოცხლებაა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი გამოფენა საზეიმოდ გაიხსნება და მას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოსა და იაპონიის მთავრობების წარმომადგენლები დაესწრებიან.