2018 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 3 ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 124 ლარი შეადგინა, - მონაცემებს საკონსულტაციო კომპანია PMCG ავრცელებს.
ამ ტიპის სასტუმროებში ყველაზე მაღალი დღიური განაკვეთი, 2017 წლის დეკემბრის მსგავსად, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებშია, საშუალოზე შესაბამისად 53% და 33%-ით მაღალი. მაჩვენებლებს უმეტესწილად განაპირობებს ბაკურიანის და გუდაურის სასტუმროების სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრების მაღალი ფასები. საშუალოზე მაღალი ფასი ფიქსირდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.
PMCG-ის მონაცემებით, სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის იანვარში 2017 წლის დეკემბრის თვესთან შედარებით 6.4%-ით შემცირდა. სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასები, დეკემბრის ფასებთან შედარებით, ყველაზე მეტად შეიცვალა თბილისში (9.9%-ით შემცირდა).
„ფასების მკვეთრი შემცირება თბილისში შეიძლება დავუკავშიროთ იანვრის თვეში საერთაშორისო ვიზიტორების შემცირებულ ნაკადებს დეკემბერთან შედარებით. 2018 წლის იანვარში, გასულ თვესთან შედარებით, საქართველოს 25.9%-ით ნაკლები საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, ხოლო 24 საათით და მეტი დროით (ტურისტი) საქართველოში, იანვარში დეკემბერთან შედარებით, 19.4%- ით ნაკლები საერთაშორისო ვიზიტორი გაჩერდა4. დეკემბერში მცხეთა-მთიანეთში და სამცხე-ჯავახეთში, გუდაურის და ბაკურიანის სასტუმროებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, გაზრდილი ფასები სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იანვრის თვეშიც შენარჩუნდა, ხოლო მცხეთა- მთიანეთის სასტუმროების ფასები 3.4%-ით შემცირდა“, - აღნიშნულია PMCG-ის კვლევაში.
იქვე ნათქვამია, რომ დეკემბრის მსგავსად, სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასებმა სტაბილურობა შეინარჩუნა, ერთი მხრივ, რეგიონებში, რომლებიც არ ხასიათდებიან სეზონურობით და, მეორე მხრივ, რეგიონებში, რომლებიც სასტუმროთა ბაზრის მცირე მონაწილეები არიან. კახეთის და იმერეთის რეგიონებში სასტუმროს მომსახურებაზე მოთხოვნა ნაკლებად იცვლება სეზონურობიდან გამომდინარე. რაჭის, გურიის, ქვემო ქართლის და შიდა ქართლის რეგიონებში სასტუმროების და რესტორნების სექტორში შექმნილი დამატებითი ღირებულების წილი აღნიშნულ სექტორში შექმნილ მთლიან დამატებით ღირებულებაში უმნიშვნელოა (2016 წლის მონაცემებით 3%).
3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 2018 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით 7.8%- ით შემცირდა. მოცემული ტიპის სასტუმროებში სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრების ფასები ყველაზე მეტად შემცირდა თბილისში და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. რაც შეეხება საოჯახო ტიპის სასტუმროებს, ფასების დონემ აღნიშნული ტიპის სასტუმროებში 2018 წლის იანვარში 2017 წლის დეკემბერთან შედარებით, უმნიშვნელოდ მოიმატა (3.3%-ით). რეგიონების მიხედვით, ფასები ყველაზე მეტად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში გაიზარდა.
www.travelingeorgia.ge