2018 წლის 3 თვის მონაცემებით, საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენების რაოდენობა 9.1 %-ით არის გაზრდილი, - ინფორმაციას შპს “საქაერონავიგაცია” ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, სტატისტიკა გაუმჯობესებულია, როგორც გადაფრენების ასევე, აფრენა-დაფრენის მიმართულებით. ასევე გაიზარდა როგორც საქართველოს აეროპორტებში მომფრენი და გამფრენი, ასევე სატრანზიტო რეისების რაოდენობაც.
2018 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში შესრულდა 32 907 ინსტრუმენტალური ფრენა. მაჩვენებელი 2 733 ფრენით მეტია 2017 წლის იანვარი - მარტის მაჩვენებელზე;
2018 წლის იანვარი - მარტის პერიოდში გადაფრენების რიცხვი 24 420 ფრენას შეადგენს, რომელიც 2017 წლის მაჩვენებელზე (23 364 ფრენა) 1 056 ფრენით, ანუ 4.5% -ით მეტია. საქართველოს აეროპორტებში აფრენა - დაფრენის რაოდენობა 8 487 ფრენას შეადგენს, რომელიც 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით (6 810 ფრენა) 1 677 ფრენით, ანუ 24.6%-ითაა გაზრდილი.
2018 წლის იანვარი - მარტის განმავლობაში შესრულებული ფრენების ფაქტობრივი რაოდენობა აეროპორტების მიხედვით ასე გამოიყურება: თბილისის აეროპორტში შესრულებული ინსტრუმენტალური აფრენა - დაფრენის რიცხვი 7 540 -ს გაუტოლდა, ბათუმის აეროპორტის კი 387-ს, ქუთაისის აეროპორტში შესრულებული ინსტრუმენტალური აფრენა - დაფრენა 560 ფრენას შეადგენს, მესტიაში 93 ვიზუალური ფრენა განხორციელდა, 20 კი ამბროლაურში.
2018 წლის იანვარი - მარტის პერიოდის განმავლობაში საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია შეადგენს 9 377 667 კმ-ს, რომელიც 2017 წლის იანვარი - მარტის მაჩვენებელზე (9 627 009 კმ) 249 342 კმ-ით ანუ 2.6%-ით ნაკლებია, რაც შპს “საქაერონავიგაციის” მიერ დანერგილი თავისუფალი მარშრუტების კონცეფციის შედეგია.
www.travelingeorgia.ge