საქართველოს კულტურული მარშრუტების სერტიფიცირებისთვის განაცხადების მიღება უკვე დაიწყო.
ამ დროისთვის საქართველოდან სერტიფიცირება გავლილი აქვს რამდენიმე კულტურულ მარშრუტს: „ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტი”, “ისტორიული თერმული ქალაქების ევროპული მარშრუტი” და “პრეისტორიული კლდის ხელოვნება“. „ღვინის მარშრუტი“ ამ დროისათვის, სერტიფიცირების პროცესშია.
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობითმ იგეგმება სხვა სერტიფიცირებულ მარშრუტებში გაწევრიანებისთვის პარტნიორების მოძიება და ახალი მარშრუტების ინიცირება.
აღსანიშნავია, რომ კულტურული მარშრუტების განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს ცოტა ხნის წინ კულტურისა და სპორტის სამინისტროში ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის პრეზენტაციაზე.
ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამას საფუძველი 1987 წელს ჩაეყარა. პროგრამის მიზანია სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურის წარმოჩენა საერთო კულტურული მემკვიდრეობის ჭრილში - კულტურის სფეროში თანამშრომლობა და ტურისტული გამოცდილების გაზიარება. მიმართულია ნაკლებად ცნობილი ტურისტული დანიშნულების ადგილების აღმოჩენასა და პოპულარიზაციისკენ.
ამ დროისათვის, ევროპის საბჭოში 31 სერტიფიცირებული კულტურული მარშრუტია.
საქართველო, ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების (Enlarged Partial Agreement) წევრი სახელმწიფო, 2016 წელს გახდა. პროგრამაში მონაწილეობა, ხელს შეუწყობს ადგილობრივი და საერთაშორისო კულტურული მარშრუტების განვითარებასა და საქართველოს ინტეგრაციას ტრანსნაციონალურ მარშრუტებში.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, როგორც ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამის ეროვნულმა საკოორდინაციო ორგანომ, განახორციელა მთელი რიგი აქტივობები და ღონისძიებები.
მათ შორის, შედგა საკონსულტაციო შეხვედრები ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, შესაბამისი სააგენტოების, სახელმწიფო ორგანოების, კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, პოტენციურ ეროვნულ პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან; ჩატარდა “Skype” კონფერენციები/კონსულტაციები საქართველოს რეგიონებთან; ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა ევროპის საბჭოს თანმიმდევრული გზამკვლევი „კულტურული მარშრუტების მართვა: თეორიიდან პრაქტიკამდე“ და შეიქმნა ვებ-გვერდი: www.culturalroutes.gov.ge; დამტკიცდა საქართველოს კულტურული მარშრუტების სტრატეგიული განვითარების და სერტიფიცირების საბჭო, რომელიც სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. საბჭოს მიზანია ადგილობრივი კულტურული მარშრუტების იდენტიფიცირება და სერტიფიცირება.
www.travelingeorgia.ge