საექსპორტო ბაზრებზე ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარში 24 ქვეყანაში 5,12 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ქართული ღვინო გავიდა. 2017 წლის იანვართან შედარებით 18%-ით მეტი.
ღვინის ექსპორტიდან საქართველომ 11,4 მლნ-მდე აშშ დოლარი მიიღო, გასული წლის იანვართან შედარებით 31%-ით მეტი.
გარდა ამისა, იანვარში ექსპორტირებულია 1,06 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 8,2 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი სამანიშვილის თქმით, ქართული ღვინისთვის 2018 წელი პოზიტიურად დაიწყო. „ზოგადად, იანვრის თვე ითვლება პასიურ თვედ, ამიტომ ასეთი მოკლე პერიოდის მონაცემებით ტენდენციებზე საუბარი ჯერ ადრეა. ბაზრების დივერსიფიკაციისა და ექსპორტის ზრდის შესახებ უფრო ზუსტი სურათი გამოიკვეთება პირველი კვარტლის მონაცემების მიღების შემდეგ“, - განაცხადა სამანიშვილმა.
წლის დასაწყისში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 70-მდე კომპანიამ განახორციელა.
www.travelingeorgia.ge