ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველო ტურიზმის სფეროში მომავლის საუკეთესო საინვესტიციო ლოკაციებს შორის მოხვდა
25 დეკემბერი, 2017

საქართველო ტურიზმის სფეროში მომავლის საუკეთესო საინვესტიციო ლოკაციებს შორის მოხვდა. 2017/18 წლის რეიტინგი ცნობილმა ბრიტანულმა გამოცემამ FDI intelligence გამოაქვეყნა.

საქართველომ საუკეთესო საინვესტიციო ლოკაციის ჯილდო დაიმსახურა რამდენიმე მიმართულებით: სპა და გამაჯანსაღებელ სექტორში, ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმის დარგში, უცხოელი ვიზიტორების მრავალფეროვნებისა და ქვეყანაში საერთაშორისო ვიზიტორების გამარტივებული პროცედურებით შემოსვლის მიმართულებით საქართველო წამყვანი ქვეყანა გახდა.

გამოცემა მნიშვნელოვნად მიიჩნევს ქვეყანაში 7 ვარსკვლავიანი  სასტუმრო Biltmore Hotel Tbilisi-ს გახსნას და Castello Mare Hotel & Wellness Resort-სმშენებლობას. გამოცემა ამ სასტუმროებში ჩადებული ინვესტიციების მნიშვნელობაზე აღნიშნავს:

„ინვესტიცია სასტუმრო ინდუსტრიის დარგში მნიშვნელოვანია ისეთი ქვეყნისთვის, რომელმაც 2011-2015 წლების განმავლობაში გარდამტეხი ზრდა აჩვენა საერთაშორისო ტურისტების ნაკადით. ამიტომ, ტურიზმის სფეროში საქართველო მომავლის ერთ-ერთ საუკეთესო საინვესტიციო ლოკაციად დასახელდა. მიმდინარე წელს, აღნიშნულ სექტორში მთავარ მიღწევად 70 მილიონი ევროს ინვესტიცია ითვლება, რომელიც 7 ვარსკვლავიანი  სასტუმროს Biltmore Hotel Tbilisi მშენებლობისთვის გამოყო უცხოელმა ინვესტორმა, 25 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო  Castello Mare Hotel & Wellness Resort-ს მშენებლობისთვის, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ ტურიზმის სექტორში, 2017 წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი მიმართულებაა სპა და გამაჯანსაღებელი ინდუსტრია, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ინვესტორების მოსაზიდად და წყალტუბოში სპა და გამაჯანსაღებელი ქალაქის განვითარებისათვის. ხსენებული სექტორი ხელს უწყობს საქართველოს წარმოაჩინოს საკუთარი კონკურენტული უპირატესობები და მოიზიდოს მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. სწორედ რომ მოცემული მიმართულების მეშვეობით საქართველომ განსაკუთრებული ჯილდო მიიღო სპა და გამაჯანსაღებელ სექტორში, როგორც საუკეთესო საინვესტიციო ლოკაციამ.

ამასთანავე, ხაზი უნდა გაესვას, რომ თითოეულ უცხოელ ინვესტორს, რომელიც საქართველოს ბაზრით არის დაინტერესებული, შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს სახელმწიფოს მიერ ინიცირებული პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტით, რომელიც მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებსა და საკონსულტაციო მომსახურებას. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია წარმატებული საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვა და ე.წ „ფრენჩაიზინგის" ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახადების თანადაფინანსება. აღნიშნული პროექტის არსებობის გათვალისწინებით, საქართველომ ჯილდო მოიპოვა ფინანსური მხარდაჭერის ნაწილშიც, რომელიც ხელს შეუწყობს უცხოელ ინვესტორებს განახორციელონ მასშტაბური პროექტები ტურიზმის მიმართულებით.   

2016 წლის მანძილზე საქართველოში 6.35 მილიონზე მეტი უცხოეთის მოქალაქე იმყოფებოდა, რაც წინა წელთან შედარებით 7.6%-ით მეტია, ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ ტურისტების ეთნიკური მრავალფეროვნება საკმაოდ მნიშვნელოვანი კომპონენტია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და სწორედ ამიტომ, საქართველომ სტუმრების მრავალფეროვნების დარგშიც მიიღო განსაკუთრებული ჯილდო. 

2015 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ  აამოქმედა ელექტრონული ვიზის (e-Visa) პორტალი, რომელიც გამარტივებული წესით სთავაზობს  ვიზის მიღების შესაძლებლობას იმ პირებს, რომლებიც  მოკლევადიანი მიზნით სტუმრობენ საქართველოს. უცხო ქვეყნის მოქალაქე  საქართველოს საელჩოში ან საკონსულოში  გამოცხადების გარეშე, სამი მარტივი საფეხურის გავლით მიიღებს მოკლევადიან  ვიზას. ეს საფეხურებია:  განაცხადის რეგისტრაცია, ონლაინ გადახდა და ელექტრონული ვიზის ამობეჭდვა. პორტალის მეშვეობით ვიზის მიღებას ბევრი უპირატესობა აქვს. არ საჭიროებს მიღებაზე ჩაწერას, ან დოკუმენტაციის წარდგენას საელჩოში თუ საკონსულოში.  ელექტრონული ვიზის მიღება მარტივად, ინტერნეტის მეშვეობით შეიძლება და ის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ისეთივე უფლებას იძლევა, როგორსაც ჩვეულებრივ პასპორტში ჩაკრული ვიზა. სწორედ, რომ ზემოთ ხსენებული შესაძლებლობების გათვალისწინებით, საქართველომ ქვეყანაში გამარტივებული პროცედურებით შემოსვლის ჯილდო (Ease of Entry award) დაიმსახურა.” - აცხადებს ცნობილი ბრიტანული გამოცემის „FDI intelligence“ რედაქტორი.

ავტორი: მაია დემეტრაშვილი

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.