ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველო ტურიზმის რეგიონულ ცენტრად ყალიბდება
18 ოქტომბერი, 2017

ზაფხულის ტურისტული სეზონი დასრულდა. ამ სეზონზე როგორც მთავრობა, ისე ექსპერტები ტურიზმიდან საკმაოდ მაღალ შემოსავლებს ელოდნენ. ეს გასაკვირი არც არის, თუ გადავხედავთ ბოლო წლების სტატისტიკას, ვნახავთ, რომ ის ყოველ წელს მზარდია. უფრო კონკრეტულად, თუ 2015 წელს ქვეყანას 5 901 094 ვიზიტორი ეწვია, 2016 წელს ეს რიცხვი 6, 360 503 აღწევდა, ანუ 8 % -ით მეტს, ვიდრე წინა წელს. ამ მონაცემებს თუ 9 თვიან მონაკვეთში შევხედავთ, კიდევ უფრო სახარბიელო მდგომარეობაა. მხოლოდ 2017 წლის ინვარ-სექტემბერში ქვეყანამ 5 822 835 ვიზიტორი მიიღო, აქედან ტურისტთა წილი, ანუ იმ ადამიანთა ოდენობამ, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი დაჰყო 2, 783 594 ვიზიტორი შეადგინა, რაც 28 %-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ხოლო ქვეყანამ 2017 წლის მეორე კვარტალში ტურიზმიდან 1 მლრდ დოლარზე მეტის შემოსავალი მიიღო. თუმცა, მსგავს პოზიტიურ სტატისტიკასთან ერთად, ხშირად ისმის კრიტიკაც.

მსგავსი უარყოფითი შეფასებების მაგალითი იყო ბრიტანეთის საელჩოს განცხადება, რომელმაც საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში ვიზიტისას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.

“კრიმინალი თბილისში დაბალია, თუმცა დროდადრო ქალაქის ცენტრში, ღამით, სიბნელეში მძარცველები ჩნდებიან, განსაკუთრებით ბარებისა და კლუბების სიახლოვეს, ასევე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოებთან. იყო შემთხვევები სექსუალური ძალადობის შესახებ ტაქსის მძღოლების მხრიდან. თავი აარიდეთ დიდი თანხით სიარულს, ასევე შეეცადეთ თავი შეიკავოთ ღამით მარტო სიარულისგან. ყურადღებით იყავით გზის გადაკვეთისას. შუქნიშანზე – წითელი და გზაზე ზებრა არ ნიშნავს, რომ მძღოლი მოძრაობას შეაჩერებს. ავარიები საკმაოდ ხშირად ხდება, რაც ძირითადად არასწორი მართვითა და მოძრაობის წესების დარღვევით არის განპირობებული. ქალაქში არ არის საზოგადოებრივი ტუალეტები, ასე რომ ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება კაფე/ბარებში მოგიწევთ“, – აღნიშნულია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებში.

აღნიშნულ რეკომენდაციას გამოეხმაურა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე. ჩოგოვაძემ აღნიშნულ განცხადებას ჩვეულებრივი მოვლენა უწოდა და ეს ზედმეტი სიფრთხილით ახსნა. „ბრიტანეთის საელჩო მსგავსი ტიპის განცხადებებს აქვეყნებს ყოველთვის, როდესაც ბრიტანეთის მოქალაქეები ამა თუ იმ ქვეყანაში მოგზაურობენ. შემიძლია მაგალითები მოვიყვანო, როდესაც ანალოგიური შინაარსის განცხადებები კეთდებოდა, როდესაც ბრიტანელები მოგზაურობდნენ თუნდაც საფრანგეთში, იტალიაში ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არის პრობლემები. ამას არავინ გაურბის. უბრალოდ გაზრდილმა ტურისტულმა ნაკადმა გამოავლინა ის კრიტიკული მომენტები, კრიტიკული სფეროები, სადაც მეტი ყურადღებაა საჭირო“, – აღნიშნა ჩოგოვაძემ.

ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველომ, Portal Numbeo-ს შედგენილი Crime Index 2017-ის რეიტინგის თანახმად, უსაფრთხოების თვალსაზრისით საუკეთესო შედეგები აჩვენა.
მსოფლიოს უსაფრთხო ქალაქების რეიტინგში 2017 წელს, 378 ქალაქს შორის თბილისი მე-19 ადგილზე განთავსდა და რეგიონის ქალაქებს გაუსწრო, იუწყება კვლევითი პორტალი Nუმბეო. თბილისში დანაშაულის ინდექსმა 19,96 შეადგინა, ხოლო უსაფრთხოების – 80,04. შედარებისთვის ერევანი 88-ე ადგილზეა, ხოლო ბაქო – 71-ეზე. რიგ ქვეყნებში უსაფრთხოების ინდექსი რამდენიმე ქალაქის მიხედვით შეადგინეს.

მაგალითად, თურქეთში ყველაზე უსაფრთხო ქალაქია ბურსა (29-ე ადგილი). იზმირი 67-ე ადგილზეა, ანტალია – 93-ეზე, ანკარა – 179-ეზე, ხოლო სტამბული – 246-ეზე. რუსეთში ყველაზე უსაფრთხო ქალაქია სანქტ-პეტერბურგი (42,28 ქულა). მოსკოვი 205-ე ადგილზე განთავსდა, ნოვოსიბირსკი – 239-ზე, ეკატერინბურგი – 261-ზე.

Numbeo მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებისა და ქვეყნების მომხმარებელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით ყალიბდება.

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზეც ისაუბრა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ჩატარდა და რომელზეც 9 თვის ტურისტული სეზონის მონაცემები შეჯამდა. ჩოგოვაძის თქმით, შეხვედრაზე მოხდა არსებული პრობლემები იდენტიფიცირება, მათ შორის მომსახურების ხარისხის მიმართულებითაც რომელიც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება დღეისთვის და მათ გადაჭრაზე აქტიურად იმუშავებენ.

„ამ საკითხის მიმართ მიდგომა ძალიან კომპლექსურია. სწორედ ისიც, რომ შეხვედრას პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობდა და იქ ყველა მიმართულებით ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს მათ შორის მომსახურეობის ხარისხი – ტრენინგებიდან და გადამზადების პროცესიდან დაწყებული, განათლების სისტემაში უფრო მასშტაბური ცვლილებებით დასრულებული, სწორედ ამის ნიშანია. ჩვენ იდენტიფიცირებული გვაქვს ის პრობლემები, რომელიც უფრო ხშირად ფიქსირდება საერთაშორისო ტურისტების მხრიდან და ამ პრობლემებს მთავრობა არ გაურბის. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ სიარულს გავაგრძელებთ იმისათვის, რომ საქართველო, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე მომსახურეობის ხარისხის მიმართულებით დაეწიოს ევროპასა და მთელ მსოფლიოში არსებულ საერთშორისო სტანდარტებს. ამის ნათელი მაგალითია მთავრობის მხრიდან ძალიან მაღალი ჩართულობა ტურიზმის საჭირბოროტო საკითხების მოგვარებაში“, – განაცხადა ჩოგოვაძემ.

მომსახურების სექტორში პრობლემებზე გვესაუბრა ტურიზმის ექსპერტი, შალვა ალავერდაშვილი. როგორც მან „ბანკები და ფინანსებთან“ საუბარში აღნიშნა, მომსახურების მიმართულებით მართლაც არის გარკვეული ხარვეზები, მაგრამ ამ ხარვეზებზე უცხოელ ტურისტებზე მეტად ადგილობრივი ტურისტები აკეთებენ აქცენტს.

„წლევანდელ ტურისტულ სეზონს 10 დან 9 ქულით შევაფასებდი. ნამდვილად არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ტურიზმის სექტორში მომსახურების სერიოზული პრობლემა არის. ცუდი სიტუაციიდან გამოვედით. დიახ, კარგისგან შორს ვართ, მაგრამ კატასტროფა არ გვაქვს. უკმაყოფილო ტურისტების 90 % – ი ქართველები არიან და არა უცხოელი ტურისტები. ყველაზე ნეგატიური და ცუდი შემფასებლები ჩვენივე სერვისის, არიან ქართველები, განსაკუთრებით კი ისინი ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობენ. ასევე, კრიტიკის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა ბოლო პერიოდში არის ბლოგები, უფრო კონკრეტულად კი რუსი ბლოგერები, რომლებიც ძირითადად ნეგატიურს წერენ ჩვენი ქვეყნის შესახებ“, – ამბობს ალავერდაშვილი.
შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი მიიჩნევს, რომ ტურისტულად აქტიურმა სეზონმა კიდევ უფრო კარგად გამოაჩინა ამ სექტორში არსებული ყველა ის პრობლემა, რომელიც დაუყოვნებლივ გადაჭრას საჭიროებს.

„საქართველო რეგიონში ტურისტულ ცენტრად დამკვიდრდა და იმაზე მეტი ტურისტი შემოვიდა, ვიდრე მოლოდინი იყო, თუმცა ტურისტები რაოდენობის გაზრდას პრობლემების გაზრდაც მოჰყვა. ქვეყანა ბევრ საკითხში არ აღმოჩნდა მზად. კონკრეტულად კი საუბარია, ისეთ პრობლემებზე როგორიცაა, გაუმართავი ინფრასტრუქტურა, ტურისტული ცენტრები, ტრანსპორტი. მოგეხსენებათ ტურისტების უმრავლესობა მაინც დედაქალაქში ჩამოდის და იქედან მიემგზავრებიან სხვადასხვა ტურისტულ ადგილებში. აქედან გამომდინარე ამ ყველაფერს შესაბამისი ხელშეწყობა სჭირდება. მოუწესრიგებელია საპირფარეშოების და გზებზე დასასვენებლი ადგილების მდგომარეობა. მეორე მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ დაბალი შემოსავლის ტურისტი ჩამოდის, რომელიც ვერ უწყობს ხელს ადგილობრივების იმ სეგმენტს, რომელიც ჩაბმულია სტუმართ-მასპინძლობის ინდუსტრიაში. გვაქვს პრობლემა მომსახურების სფეროში და ასევე დიდი პრობლემებია ეკოლოგიის მხრივაც, ამ მიმართულებებით მუშობა თუ არ დაიწყო წლების შემდეგ ეს კიდევ უფრო მძაფრად გამოჩნდება“, – მიიჩნევს თაბაგარი.

წყარო: “ბანკები და ფინანსები”


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.