ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
საქართველო ისრაელიდან ყოველწლიურად 150 000 ტურისტს მასპინძლობს
26 ივლისი, 2017

საქართველო ყოველწლიურად 150 000 ტურისტს მასპინძლობს ისრაელიდან და ეს მაჩვენებელი მზარდია.

ტურისტების მზარდ რაოდენობასა და ქართველებსა და ებრაზელებს შორის არსებულ კეთილგანწყობილ ურთიერთობაზე საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და ისრაელის პრეზიდენტმა რუვენ რივლინმა ისრაელში მხარეებს შორის გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

“ქართველებს შორის აშკარაა უაღრესად პოზიტიური განწყობა, სენტიმენტები ებრაელთა მიმართ. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ყოველწლიურად ჩვენ ვმასპინძლობთ 150 000 ტურისტს ისრაელიდან, რომელთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება, ხოლო ჩვენი თანამშრომლობა ძალიან ნაყოფიერია ბევრ სფეროში.”

პრემიერმა აღნიშნა, რომ შემოდგომაზე კი საქართველო უმასპინძლებს მთავრობათაშორისი კომისიის სხდომას, რომელზეც განიხილება თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, მაღალი ტექნოლოგიები, განათლება თუ უსაფრთხოება.

რუვენ რივლინის თქმით, ქართველ და ებრაელ ხალხს ბევრი რამ აკავშირებს.

“ისრაელში საკმაოდ ბევრი ქართველი ცხოვრობს და საქართველოშიც არის საკმაოდ დიდი ებრაული დიასპორა. ჩვენს ერებს ძალიან ბევრი რამ აკავშირებს. საქართველოდან ისრაელში და, პირიქით, ისრაელიდან საქართველოში ყოველწლიურად 150 000 ტურისტი მოგზაურობს. ეს კავშირები გვახარებს, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობისა და უსაფრთხოების სფეროებში, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის. ამ მიზნით ინტენსიურად ვთანამშრომლობთ. იმედის თვალით შევყურებთ ჩვენი ურთიერთობების გაფართოებას. თქვენი და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია ამ მხრივ, რადგანაც ის ცხადყოფს ჩვენი ურთიერთობების გაღრმავების დიდ სურვილსა და მზადყოფნას. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ქართველ ერს და ვაფასებთ ჩვენს ერებს შორის არსებულ კავშირებს. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება”, – მიმართა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ორი ერის მეგობრობის ისტორია 2 600 წელს ითვლის.

www.bpi.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.