სამტრედიაში საორთქმავლო დეპოს თანამშრომლების შვილებისთვის აშენებულ სკოლას კულტრული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა
სამტრედიის #12 საჯარო სკოლას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
შენობას აქვს ძეგლის მახასიათებლები: სიძველე, ფასადების მორთულობა, პორტიკი, აივნის დეკორირებული ცხაური, თანადროული გეგმარება, რკინა-ბეტონის აჟურული აივანი, რომელიც ამ ტექნიკის გამოყენების ერთ-ერთი ადრეული მაგალითია.

1870 წელს კავკასიის სარკინიგზო ტრანსპორტის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, სამტრედიაში აშენდა საორთქმავლო დეპო და საერთო საცხოვრებელი მუშა-მოსამსახურეებისთვის. ჩამოსახლებული ოჯახის ბავშვებისთვის საჭირო გახდა სკოლის დაარსება. 1894 წ. გაიხსნა სკოლა, რომელმაც პირველი მოსწავლეები ამავე წლის 2 ოქტომბერს მიიღო. 1933 წელს სკოლა ქალთა საშუალო სკოლად გადაკეთდა.
სკოლის ორსართულიანი შენობა ნაგებია აგურით. დგას ნათალი ქვის ცოკოლზე, რომელშიც სავენტილაციო ღიობია მოთავსებული.
მთავარი ფასადი სიმეტრიულია, დაყოფილია სამ ნაწილად-მარჯვენა ნაწილში განთავსებულია პორტიკი (პირველი სართული) და აივანი (მეორე სართული).

ფასადის ზედა ნაწილში, როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხნივ გეომეტრიული ფორმებით დეკორირებული მოცულობაა. პორტიკის კედლები დანაწევრებულია ჰორიზონტალური ზოლებით, ისევე როგორც ფანჯრებს შუა არსებული არეები. პორტიკიდან შევდივართ კიბის უჯრედში, მეორე სართულზე კიბის უჯრედიდან გავდივართ პორტიკის თავზე არსებულ აივანზე, აივნის დეკორირებული ცხაური რკინა-ბეტონითაა გაკეთებული.

ნაგებობა გადახურულია თუნუქით. შენობაში განთავსებულია ოთხი საკლასო ოთახი, ორი პირველ სართულზე, ორი-მეორე სართულზე. სკოლაში შემორჩენილია გეომეტრიული, შავ-თეთრი ორნამენტით გაფორმებული მეტლახით მოშანდაკებული ძველი იატაკი და კედლის ღუმელი, ღუმელის ზედა ნაწილი დეკორირებულია. მოგვიანო პერიოდში სკოლას უკანა მხრიდან პირველი სართულის დონეზე მიადგეს ბლოკით ნაგები მინაშენი. ასევე გვიანი ხანისაა სკოლის მარჯვნივ მიშენებული სამსართულიანი ნაგებობა, რომელიც სკოლას აკავშირებს მარჯვნივ მდებარე ორსართულიან ძველ შენობასთან. ეს ორივე ნაგებობა (სამსართულიანი და ორსართულიანი ძველი შენობა) სკოლის ფუნქციას ასრულებს.
www.travelingeorgia.ge