"თბილისი მარიოტში" TWINNING-ის პროექტის "საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან" დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე მხარეებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა შეაჯამეს და ევროკავშირის სტანდარტებთან საქართველოს საავიაციო კანონმდებლობის დაახლოების კუთხით მიღწეული შედეგების შესახებ ისაუბრეს, - თემის დეტალებით გადაცემაში "საქმის კურსი" სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან კარანაძემ ისაუბრა.
-ბატონო ლევან, სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, ამ ხნის განმავლობაში კანონმდებლობა რამდენად დაუახლოვდა ევროკავშირის მოთხოვნებს და არის თუ არა იგი სრულ შესაბამისობაში, დადასტურებული ევროკავშირის ექსპერტების მხრიდან?
-პროცესი, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს. ვერ ვიტყვით, რომ პროცესი მთლიანად დასრულებულია. ეს მუდმივ დინამიკაში იქნება იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირის მოთხოვნები და რეგულაციები მუდმივად იცვლება, თუმცა, იმ პროექტზე, რაზეც ჩვენ ვამახვილებდით ყურადღებას, ჩვენ 80 რეგულაცია სრულად შევაფასეთ, სრული ანალიზი გაკეთდა. ეს მოთხოვნები ერთიანი საჰაერო სივრცის შეთანხმებიდან გამომდინარე მომდინარეობს. შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ 80 რეგულაციიდან 30 რეგულაციას ჩვენ ვაკმაყოფილებთ. ასეთია ექსპერტების შეფასება. ამასთანავე პრიორიტეტული რეგულაციები გამოვყავით. ამ ეტაპზე მუშაობა დაახლოებით ათამდე რეგულაციაზე მიმდინარეობს. რაც მთავარია, პროექტი შესაძლებლობების გაძლიერებაში დაგვეხმარა. ჩვენ მეთოდოლოგია შევიმუშავეთ, თუ როგორ უნდა მოხდეს სწორად რეგულაციების დანერგვა და ადაპტაცია, რომ ეს არ იყოს მექანიკური სავარჯიშო მხოლოდ გადმოკოპირებისა და თარგმნის მიმამრთულებით.
-ამ პროცესში საჭიროა თუ არა უკვე კერძო სექტორის ჩართულობა, თუ როდესაც პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივა მერე აპირებთ მის ჩართვას?
-რეგულაციების შემუშავების პროცესში ყველა ფაზაზე ჩართული გვაყავს ბიზნესის წარმომადგენლები სხვადასხვა სექტორიდან. იქიდან გამომდინარე, თუ რა სფეროს მოიცავს რეგულაცია. შესაბამისად ჩვენ ექსპერტებს ვთხოვთ მონაწილეობას. ჩვენ ვებ-გვერდზე ინფორმაცია ყოველთვის იტვირთება. იმისათვის, რომ აღნიშნული ინფორმაცია პასიურად არ იყოს განთავსებული, კონსულტაციისთვის ჩვენ ასევე შეტყობინებას ვაგზავნით ინდუსტრიაში და ვცდილობთ, რომ პრაქტიკულად საწყისივე ეტაპზე ჩართული იყვნენ ჩვენი კოლეგები. პარტნიორული ურთიერთობები გვინდა გვქონდეს და გვაქვს კიდევ აწყობილი ჩვენს ინდუსტრიასთან, ბიზნესთან, ვინაიდან მათი ჩართულობის გარეშე ამ რეგულაციების იმპლემენტაცია სათანადო დონეზე გამორიცხული იქნება.
-რა არის რეგულაციების მთავარი მიზანი?
-მთავარი მიზანი ის არის, რომ რეგულაციები სწორად იყოს დანერგილი. პრეტენზია გვაქვს და მივისწრაფვით, რომ რეგიონში ლიდერები ვიყოთ. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში საქართველო ლიდერია აღნიშნულ სფეროში. აღსანიშნავია, რომ თვითონ შეთანხმება ჯერჯერობით ძალაში შესული არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ 30 რეგულაციას უკვე ვაკმაყოფილებთ.
-საუბარია 10 ახალ რეგულაციაზე, რომელიც პარალელურად თანხმდება კერძო სექტორთან?
-10 რეგულაციაზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს, სხვა რეგულაციებზე დასრულებულია. არის კიდევ სამომავლოდ რეგულაციები გაწერილი, მაგრამ მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ის, რომ ჩვენ ვცდილობთ ჩართული ვიყოთ ევროკავშირის კანონშემოქმედების საქმიანობაში. მოხარულები ვართ, რომ მიუხედავად იმისა, ამ პროცესში ევროკავშირის წევრები არ ვართ, მაგრამ მონაწილეები ვართ. ჩვენი ექსპერტები ევროკავშირის რეგულაციების შემუშავების პროცესებში მონაწილეობენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ წლებით ადრე გვეცოდინება ევროკავშირის მხრიდან რა იგეგმება და სათანადოდ მომზადებულები შევხვდებით. ამასთანავე, ინდუსტრიას თავისთავად მათი ჩართულობით, კონსულტაციებითა და მოსაზრებების გათვალისწინებით ვამზადებთ.
www.bm.ge